ძიუდო

23:01 | 30.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი: "მედალი წარმატებაა, მაგრამ ჩემი ფორმიდან გამომდინარე გულდაწყვეტილი ვარ"

ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ფინალში ვერ იბრძოლა და გულდაწყვეტილია, რადგან სურვილი ჰქონდა, რომ ოქროს მედალი მოეპოვებინა.

„რა თქმა უნდა, დიდი წარმატებაა ეს მედალი, ასე ვფიქრობ. თუმცა, ჩემი ფიზიკური კონდიციებიდან, სურვილიდან და ჩემი შედეგებიდან გამომდინარე, ყველა გულდაწყვეტილია ვერცხლის მედლით და მათ შორიც, მეც. ალბათ, მომავალში გამოვასწორებ. რაც შეეხება ფინალს, ყველანაირად მზად ვიყავი, თუმცა ისე მოხდა, რომ პირველი გდება ძალიან მარტივად გავუშვი და ამოქაჩვის მცდელობაში მეორეც გავუშვი. ვერ ვაჩვენე ის, რაც ქართველებს გვახასიათებს და ვერ ვიბრძოლე.

დიდი მუხტი იქნებოდა პირველივე დღეს მედალი რომ მოგვეპოვებინა, სარდალაშვილს ძალიან დიდი შანსი ჰქონდა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გამხდარიყო. მინდა, რომ ოლიმპიადაზე ვინც გამოვა, ამაზე ნაკლები მედალი არავის აეღოს და ყველას ოქრო მოეპოვებინოს. ალბათ, ჩემი მედალი იქნება სხვებისთვის პატარა მუხტი და ოქროს მედლებს მოვიპოვებთ.

რა თქმა უნდა, გულშემატკივარს ძალიან დიდი როლი აქვს, ტოკიოში დარბაზი ცარიელი იყო და ცოტა დაჩაგრულები ვიყავით. აქ ძალიან კარგი გარემოა“, - თქვა გრიგალაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ტატო გრიგალაშვილს სამ-სამჯერ აქვს მოგებული ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, ხოლო ოლიმპიადაზე მედალი პირველად მოიპოვა. 31 ივლისს, საქართველოს ნაკრებიდან ლაშა ბექაური იასპარეზებს.

ოთარ მაღლაკელიძე WORLDSPORT.GE-სთვის პარიზიდან

0.147228