ძიუდო

19:48 | 30.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს პირველი მედალი: ტატო გრიგალაშვილის ვერცხლი ოლიმპიადაზე
ტატომ ფინალში ტაკანორი ნაგასესთან წააგო

საქართველოს დელეგაციამ პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოიპოვა, რომელიც ტატო გრიგალაშვილის აქტივშია.

ქართველი ძიუდოისტი (81 კგ) ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ტატო მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ტაკანორ ნაგასესთან ვერაფერს გახდა და იპონით მარცხი განიცადა. მეტოქე უკეთესი იყო, თავიდან ვაზარითაც იგებდა. ამრიგად, ბოლო ოთხ თვეში გრიგალაშვილმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონობა მოახერხა, ოლიმპიადაზე ვიცე-ჩემპიონი გახდა.

გრიგალაშვილის გზა პარიზის ოლიმპიადაზე: ტატომ 1/16-ფინალში მოლდოველ მიჰაილ ლატისევს აჯობა. შემდეგ მერვედფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი და მეოთხედფინალში ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი დაამარცხა (ორივე ვაზარით). ნახევარფინალში 24 წლის ქართველი სამხრეთკორეელ იონჰვან ლის გაეჯიბრა და 8-წუთიან მძიმე ბრძოლაში ვაზარით სძლია.

ტატო გრიგალაშვილს სამ-სამჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიადაზე კი, ეს მისი პირველი მედალია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ის გახდა ჯერ ევროპის ჩემპიონი (აპრილში, კარიერაში მესამედ), შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონი (მაისში, კარიერაში მესამედ) და ახლა უკვე ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი ერგო.

საქართველოს დელეგაციისთვის ეს პირველი მედალია მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე. 31 ივლისს ერთადერთი ქართველი გამოვა პარიზში, ისიც ძიუდოში - 90 კგ წონით კატეგორიაში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური იასპარეზებს.

0.116319