ძიუდო

22:53 | 29.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელები ოლიმპიადაზე მსაჯობით უკმაყოფილო არიან: "მსაჯები ძიუდოს კლავენ"
"ეს მხოლოდ იტალიას არ ეხება, შიდოების ეს სისტემა ყველას აზიანებს"

იტალიის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დომენიკო ფალკონე პარიზის ოლიმპიადაზე მსაჯობით უკმაყოფილოა. როგორც მან იტალიურ მედიას უთხრა, მსაჯები იტალიელ ძიუდოისტებს მიზანმიმართულად ჩაგრავენ.

ამ განცხადებას შემდეგი საფუძველი აქვს: 52 კგ წონით კატეგორიაში ოდეტე ჯუფრიდამ ჯერ ნახევარფინალი და მერე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა გაფრთხილებებით წააგო, ორ ბრძოლაში 6-ჯერ გააფრთხილეს. ყველაზე მეტად უცნაური ამ ამბავში ისაა, რომ ორივე შეხვედრას ერთი და იგივე მსაჯი ჰყავდა - რუმინელი იოანა ბაბიუცი. სწორედ ამ თემას შეეხო იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჯოვანი მალაგო:

„რამაც გამაკვირვა, ის არის, რომ ნახევარფინალის შემდეგ ბრინჯაოს შეხვედრაშიც იგივე მსაჯი დანიშნეს. ვფიქრობ, ეს ყველაფერზე მიუთითებს“, - აღნიშნა მალაგომ.

73 კგ წონით კატეგორიაში მეოთხედფინალური ბრძოლა სამი გაფრთხილებით წააგო იტალიელმა მანუელ ლომბარდომ კოსოვოელ აკილ ჯაკოვასთან. მსაჯის ამ გადაწყვეტილებას დარბაზის მხრიდან სრული ობსტრუქცია მოჰყვა. შემდეგ ლომბარდომ ბრინჯაოს ფინალში იჭიდავა, სადაც მსაჯებმა მონიტორზე შეამოწმეს ერთ-ერთი გდება, რომელიც იპონად შეაფასეს და იტალიელიც დამარცხდა.

ამ ყველაფრის ფონზე იტალიის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დომენიკო ფალკონემ პირდაპირ ილაპარაკა:

„მსაჯების ძალა ძიუდოს კლავს. ჩვენი ეჭვები კიდევ უფრო გაიზარდა იმის გამო, რომ დღეს რუმინელმა არბიტრმა სრულიად სხვაგვარად იმსაჯა. ნამდვილად საშინელი სანახავია, როგორ ანგრევენ ჩვენს ძალისხმევას. ამჟამინდელი შიდოს სისტემა უნდა გაუქმდეს, რაღაც უნდა გაკეთდეს. საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს დაველაპარაკები, რადგან დისციპლინას კლავენ. გუნდი შეშინებულია, ეშინიათ ჯერ კიდევ დაგეგმილი ბრძოლების. რა დააშავა იტალიამ? ეს მხოლოდ იტალიას არ ეხება, ეს სისტემა ყველას აზიანებს, მსაჯების კლასი გადახედვას საჭიროებს. კვირას მატეო პირასის მიერ წაგებულ მატჩში მსაჯების გადაწყვეტილებებზე საჩივარი შევიტანეთ, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა“, - თქვა ფალკონემ.

0.108202