ძიუდო

19:52 | 29.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

როგორც ტოკიოში: ეთერ ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს ფინალი ზედიზედ მეორედ წააგო

საქართველოსთვის პარიზის ოლიმპიადა ისევ უმედლოდ მიმდინარეობს. მედალთან ძალიან ახლოს იყო ეთერ ლიპარტელიანი, მაგრამ ბრინჯაოს ფინალი წააგო.

ქართველი ძიუდოისტი ფრანგ სარა ლეონი სისიკეს დაუპირისპირდა და იპონით მარცხი განიცადა, ამრიგად მეხუთე ადგილს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ 3 წლის წინ, ტოკიოს ოლიმპიადაზეც ლიპარტელიანი ანალოგიურ შედეგს დასჯერდა, მაშინაც ბრინჯაოსთვის შეხვედრა წააგო და მეხუთე ადგილზე გავიდა.

ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე გამოსვლა ბრიტანელ ლელე ნაირნისთან შეხვედრით დაიწყო, რომელიც შებოჭა, შემდეგ ვაზარით სძლია უზბეკ შუხურჯონ ამინოვას, მეოთხედფინალში ბრაზილიელ რაფაელა სილვასთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ეთერმა მონღოლი ენხრილენ ლხაგვატოგო 33 წამში დაამარცხა.

57 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი კანადელი კრისტა დეგუჩი გახდა, რომელმაც ფინალში სამხრეთკორეელი მიმი ჰუჰი დაამარცხა, ხოლო სისიკეს გარდა, მეორე ბრინჯაოს მედალი იაპონელმა ჰარუკა ფუნაკუბომ მოიპოვა.

ვაჟა შორის 73 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ჰიდაიათ ჰეიდაროვი გახდა, რომელმაც ფინალში ფრანგი ჟან-ბენჟამინ გაბა დაამარცხა. მოგეხსენებათ, სწორედ გაბასთან დამარცხდა პირველ წრეში ლაშა შავდათუაშვილი. ბრინჯაოს მედლები მოლდოველმა ადილ ოსმანოვმა და იაპონელმა სოიჩი ჰაშიმოტომ მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ჰეიდაროვმა 2024 წელს ბაქოს გრანდ სლემი, ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი და ოლიმპიადა მოიგო...

30 ივლისს პარიზის ოლიმპიადაზე ორი ძიუდოისტი იასპარეზებს - 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი, ხოლო ქალთა შორის 63 კგ წონით კატეგორიაში - ეთერ ასკილაშვილი.

0.116727