ძიუდო

15:15 | 28.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა გუჯეჯიანი: "იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველი მრჩება"

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა ორი უმედლო საშეჯიბრო დღის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა იმედგაცრუებულია, მაგრამ იმედი აქვს, რომ დარჩენილი ძიუდოისტები მედლების მოპოვებას შეძლებენ.

„გარემო ფაქტორებისგან შეფასებაზე თავს შევიკავებ, თვითონ ფაქტი, რაც არის, იმაზე ვისაუბრებ: სიმართლე გითხრათ, ორი დღის ჯამში იმედგაცრუებული ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ არა მარტო ძიუდოში, არამედ საქართველოს დელეგაციაში წამყვანი სპორტსმენები ასპარეზობდნენ, გიორგი სარდალაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი და დავრჩით უმედლოდ. სპორტია, მესმის.

ოპტიმიზმის საფუძველი მრჩება და ვფიქრობ, რომ დამაკმაყოფილებელ შედეგს მივაღწევთ, კიდევ 6-დღიანი ბრძოლა გვაქვს წინ. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ ორი დღის შემდეგ უმედლოდ ვართ, მაგრამ სპორტია და ბრძოლა გრძელდება.

იმედი ყოველ დღეს გვაქვს, სპორტსმენთა მდგომარეობა მაძლევს იმის საფუძველს, რომ ოპტიმისტი ვიყო. ისეთი ბიჭები არიან დარჩენილი, ჩვენი გულების გახარება რომ შეუძლიათ“, - თქვა გუჯეჯიანმა.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოში გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს გიორგი სარდალაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა.

ოთარ მაღლაკელიძე პარიზიდან worldsport.ge-სთვის

0.116943