სხვა

21:22 | 27.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფარიკაობის ფედერაციამ ბაზაძის შეხვედრაში მსაჯობასთან დაკავშირებით საჩივრის წერილი შეიტანა

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციაში საჩივრის წერილი შეიტანა ოლიმპიადის მერვედფინალში სანდრო ბაზაძისა და ეგვიპტელი მოჰამედ ამერის შეხვედრაში მსაჯობასთან დაკავშირებით.

ბაზაძე 14:15 დამარცხდა, მაგრამ ის მსაჯებს 5-ჯერ არასწორი გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს.

„საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა. წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი“, - ნათქვამია ფარიკაობის ფედერაციის განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ ეგვიპტელი მოფარიკავე მეოთხედფინალში იტალიელ ლუიჯი სამელესთან 13:15 დამარცხდა და ასპარეზობას ისიც გამოეთიშა.

0.110835