ძიუდო

17:41 | 25.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტების მეტოქეები პარიზის ოლიმპიადაზე გაირკვა

პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოისტთა ტურნირის წილისყრა გაიმართა. შესაბამისად, ქართველების პირველი მეტოქეები და ბადეები ცნობილია.

60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი პირველი წრისგან თავისუფალია, მეორე წრეში კი, კონგოელ არნოლდ კისოკას და ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკს შორის უმჯობესს შეხვდება.

66 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ვაჟა მარგელაშვილი გამოსვლას მეორე წრიდან დაიწყებს, მეტოქედ კი მოჰამად რაშნონეჟადი ან ვალიდ ხიარი ეყოლება.

73 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიადაზე სამივე სინჯის მედლის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეში ფრანგ იოან-ბენჟამინ გაბას შეხვდება. ლაშას რთული ბადე აქვს და მეოთხედფინალში თუ ორივე გავლენ, იქ იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან დაპირისპირება მოუწევს.

81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილის პირველი მეტოქე მოლდოველი მიჰაილ ლატისევი იქნება.

90 კგ წონაში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მეორე წრიდან დაიწყებს გამოსვლას და მისი მეტოქე ბულგარელი ივაილო ივანოვი ან ლიბანელი კარამნობ საგაიპოვი იქნება.

100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძეც თავისუფალია პირველი წრისგან, მეორე წრეში კი, ხორვატ ზლატკო კუმრიჩსა და იტალიელ ჯენარო პირელის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

+100 კგ წონით კატეგორიაშიც გურამ თუშიშვილიც მეორე წრიდან იწყებს ასპარეზობას, მისი მეტოქე სენეგალელ მბაგნიკ ნდიაესა და გვინეა-ბისაუელ ბაბაკარ მანეს შორის საუკეთესოს შეხვდება. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში გურამს მეოთხედფინალში ტედი რინერთან ბრძოლა მოუწევს, თუ ფრანგიც მივა ამ ეტაპამდე.

ქალთა შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანის პირველი მეტოქე ბრიტანელი ლელე ნაირნი იქნება. 63 კგ-ში ეთერ ასკილაშვილი სლოვაკ ანდრეია ლესკის დაუპირისპირდება, ხოლო +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილის მეტოქე გერმანელი რენეე ლუხტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ვაჟებში შვიდივე წონაში ჰყავს წარმომადგენელი, ქალებში კი - სამში. გარდა ამისა, გუნდურ შეჯიბრშიც მიიღებს მონაწილეობას.

0.115038