ფეხბურთი

0:19 | 25.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას 90 წუთი, "სლოვანის" ფრე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე
ანდორულმა გუნდმა ათენის აეკ-ს 3 გოლი გაუტანა

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში გურამ კაშიას „სლოვანი“ სტუმრად სლოვენიის ჩემპიონ „ცელიეს“ დაუზავდა.

მასპინძლები მეშვიდე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ სლოვაკებმა ოთხ წუთში გაათანაბრეს და მერე არაფერი შეცვლილა - 1:1. აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდი 30-ე წუთის შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდა. კაშიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა. საპასუხო მატჩი ერთ კვირაში ბრატისლავაში გაიმართება.

კიდევ ორი მატჩი გაიმართა ჩემპიონთა ლიგაზე: სალონიკის პაოკ-მა ბოსნიური „ბორაცი“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა, ხოლო „ლუდოგორეცმა“, რომელმაც „დინამო ბათუმს“ აჯობა პირველ ეტაპზე, მინსკის „დინამოს“ შინ 2:0 მოუგო და დიდი ნაბიჯი გადადგა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ.

კონფერენს ლიგაზეც იყო რამდენიმე მატჩი, საიდანაც გამოსარჩევია ათენის „აეკის“ გამარჯვება ანდორულ „ინტერ ესკალდესთან“. ბერძნული გუნდი უდავო ფავორიტი იყო, 53-ე წუთზე 4:0 დაწინაურდა, მაგრამ ანდორელებმა მოახერხეს და 3 გოლი გაიტანეს, შესაბამისად, მხოლოდ 3:4 წააგეს ძლიერ მეტოქესთან და საპასუხო შეხვედრის წინ შანსი შეინარჩუნეს.

0.121136