რაგბი

22:22 | 24.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

7-კაცა | ბესიკ ხამაშურიძე – სტაბილურად მსოფლიო რაგბის სერიისკენ

საქართველოს 7-კაცამ წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე სტაბილური შედეგები აჩვენა, ორი ეტაპის ჯამში შარშანდელზე უკეთესი, მე-5 ადგილი დაიკავა და ზედიზედ მეორედ მოიპოვა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზური.

შარშან 7-კაცამ ევროპის პირველი ეტაპი ალგარვეში (პორტუგალია) მეორე ადგილზე დაასრულა, რაც საუკეთესო შედეგის გამეორება იყო, მაგრამ მეორე ეტაპზე მხოლოდ მე-9 პოზიციას დასჯერდა და ჯამში მე-6 ადგილი დაიკავა, რაც ჩელენჯერის სერიის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.

წელს ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები პირველ, მაკარსკას (ხორვატია) ეტაპზე თასის ნახევარფინალში გავიდნენ და მე-4 ადგილი დაიკავეს, ჰამბურგში (გერმანია) კი 6-იდან 4 თამაში მოიგეს და მე-5 ადგილზე გავიდნენ. ჯამში საქართველომ შარშანდელთან შედარებით წელს ერთი ადგილით წინ წაიწია და ზედიზედ მეორედ მოიპოვა ჩელენჯერის სერიის საგზური.

მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე ფიქრობს, რომ გუნდმა ჩელენჯერის სერიაზე თამაშით გამოცდილება შეიძინა და სტაბილურობაც ამის შედეგია:

  • ძალიან კარგი და დაძაბული ჩემპიონატი გამოვიდა. ევროპული გუნდები გაზრდილები არიან. იტალია, ბელგია და ლიეტუვა ბოლომდე მოგვყვნენ და ფაქტობრივად ბოლო თამაშებმა გადაწყვიტა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის საგზურის ბედი. წლევანდელ ჩელენჯერის სერიაში თამაშმა დიდი გამოცდილება შეგვძინა და ამან ჩვენს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა. დუბაის, მონტევიდეოსა და მიუნხენის ეტაპებზე თამაშმა, ტურნირების გადაბმამ, 7-კაცასთვის საჭირო სათამაშო ფორმაში შესვლის შესაძლებლობა მოგვცა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ბიჭების თავდადება. ამ ყველაფრის გარეშე მე-5 ადგილის დაკავება და დასახული მიზნის მიღწევა გაგვიჭირდებოდა. ვფიქრობ, აქ მიღებული გამოცდილება ბიჭებს და ქართულ რაგბს აუცილებლად გამოადგება.
  • პირველ, მაკარსკას ეტაპზე ორი თამაშის მოგებით მეოთხე ადგილი დავიკავეთ.
  • ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით და ამის გამო. ჩვენი ჯგუფიდან ნახევარფინალში სამი გუნდი გავედით – ჩვენ, ირლანდია და გერმანია. ოთხეულში მხოლოდ საფრანგეთი იყო სხვა ჯგუფიდან. გერმანიასთან (5:22) და ირლანდიასთან (10:17) ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ გამარჯვებამდე ცოტა დაგვაკლდა. მეოთხედფინალში ბელგიას დამატებით დროში მოვუგეთ, რამაც ჩელენჯერის საგზურის მოპოვების კარგი შანსი გაგვიჩინა. მაკარსკაში ტრავმის გამო სამი მოთამაშე გამოგვაკლდა და პრობლემები ამანაც შეგვიქმნა, თუმცა მე-4 ადგილი საკმაოდ კარგი შედეგი იყო.
  • ჰამბურგში ორჯერ მეტი, 4 თამაში მოვიგეთ და მე-5 ადგილზე გავედით.
  • მეორე ტურნირიც დაძაბული გამოდგა. ჯგუფში ესპანეთს (17:12) და ლიეტუვას (10:7) მოვიგეთ, რითაც მეოთხედფინალში გავედით და ძალიან ძლიერ, პორტუგალიის გუნდს შევხვდით, რომელიც 7-კაცაში პროფესიონალური გუნდია. მოგების შანსი გვქონდა, თუმცა არ გაგვიმართლა და მეტოქემ 1 ლელოთი გაიმარჯვა (14:21). მე-5 ადგილის ნახევარფინალი ბელგიასთან გვქონდა და ამ თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა. მე-3 დამატებით წუთზე ჯარიმით მოვიგეთ (10:7) და ცხადი გახდა, რომ ვერც ის და ვეღარც იტალია დაგვეწეოდა, მაგრამ ეს პრესტიჟის თამაში იყო. იტალიამ საოცარი ბრძოლა გაგვიმართა, თუმცა ჩვენი მონდომებაც დიდი იყო და 14:12 გავიმარჯვეთ.
  • შედეგებს თუ გადავხედავთ, თითქმის ყველა თამაშში დაძაბული ბრძოლები გვქონდა და მცირე სხვაობა დაფიქსირდა. ასეა გაზრდილი ევროპული გუნდების დონე?
  • მას შემდეგ რაც 7-კაცა ოლიმპიური სახეობა გახდა, ამ მიმდინარეობას არასარაგბო ქვეყნებმაც დიდი ყურადღება დაუთმეს, მაგალითად გერმანიამ, ბელგიამ და ლიეტუვამ. ის 15-კაცასთან შედარებით უფრო იოლი მისახედია და ყველა ცდილობს მაღალ დონეზე ითამაშოს. 7-კაცა ფიზიკური სპორტია, დიდ როლს თამაშობს მძლეოსნობა, რასაც ზოგადად ევროპაში დიდი ყურადღება ექცევა, ჩვენთან კი ამ კუთხით პრობლემებია. სპორტსმენები ბავშვობიდან უნდა მიეჩვიონ ამ ფიზიკურობას. ევროპულ გუნდებს უცხოელი მწვრთნელები ყავთ და როდესაც ფიზიკურობის მხრივ ბაზა აქვთ, აღარ უჭირთ ბურთაობის დახვეწა. ჩვენ ამას დიდი ძალისხმევის ხარჯზე ვახერხებთ. ზოგადად 7-კაცას დონე ძალიანაა გაზრდილი. ძალიან სუსტი უნდა იყოს გუნდი დიდი ანგარიშით რომ მოუგო. ჩვენ ამ ფიზიკურობის ნაკლებობის აღმოფხვრას ხასიათის და თავდადების ხარჯზე ვახერხებთ. ხასიათმა დიდი როლი ითამაშა ჩვენს წარმატებაში. მეტი შრომით საქართველოს 7-კაცას უფრო დიდი შესაძლებლობები აქვს.
  • როგორ გესახებათ ამ პრობლემის აღმოფხვრის შესაძლებლობა?
  • პროფესიონალები უნდა გავხდეთ და წლიდან წლამდე სპორტსმენებმა 7-კაცასთვის საჭირო ფიზ. მომზადება გაიარონ. ჩვენს შემთხვევაში ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან ეს ბიჭები თავიანთ კლუბებში 15-კაცა რაგბს თამაშობენ და ჩვენთან მხოლოდ კვირაში ორჯერ ვარჯიშობენ. ამ ყველაფერს მეტი მუშაობა და დრო ჭირდება, რისი შესაძლებლობაც ჩვენ არ გვქონდა. ხელი ტრავმებმაც შეგვიშალა. ბოლო ტურნირზე სულ 3 დაკონტრაქტებული მოთამაშე გვყავდა,დანარჩენი მორაგბეები კი 15-კაცას გუნდებიდან დავიმატეთ. სექტემბრიდან 7-კაცას 8 დაკონტრაქტებული მოთამაშე ეყოლება, რომლებიც მუდმივად ჩვენთან ივარჯიშებენ და ამან სიტუაცია უნდა შეცვალოს.
  • ისევ რაგბი ევროპის ჩემპიონატს დავუბრინდეთ. გერმანიას სამჯერ ვეთამაშეთ და ვერცერთხელ გავიმარჯვეთ…
  • გერმანიას წლებია 7-კაცას პროფესიონალური გუნდი ყავს, უცვლელი შემადგენლობით და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. გერმანიასთან იყო თამაშები, რომლებშიც მოგება ვერ შევძელით, თუმცა გვქონდა ისეთი თამაშიც, რომლის მომდევნო შეხვედრა უფრო დიდ დატვირთვას ატარებდა და ძალები აღარ დავხარჯეთ. დარწმუნებული ვარ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ გერმანიას მოვუგოთ და ეს აუცილებლად მოხდება.
  • 2025 წელს კვლავ მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიებით ვიწყებთ. როგორ მოემზადებით მისთვის?
  • ჩელენჯერის სერია იანვარში დაიწყება და სამ ეტაპად გაიმართება. ვარჯიშებს აგვისტოდან განვაახლებთ და გვექნება მოსამზადებელი ტურნირი. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ დეკემბერში დუბაიში ვითამაშებთ. ჩვენი მენეჯერი მუშაობს სხვა შესაძლებლობებზეც.
  • მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიაზე 2022 წელს მეორე ადგილი დავიკავეთ, 2024 წელს კი მხოლოდ მე-8 ადგილზე გავედით. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, რა შედეგს გეგმავთ 2025 წელს?
  • მეორე ადგილზე რომ გავედით, მხოლოდ ერთი ტურნირი ჩატარდა და მას კარგად მომზადებულები შევხვდით, თანაც ეროვნული ნაკრების რამდენიმე მოთამაშე გვყავდა დამატებული. ეს განსხვავებული შემთხვევა იყო. წელსაც გვქონდა კარგი თამაშები და ისეთი გუნდებიც დავამარცხეთ, რომლებიც მსოფლიო სერიაზე ავიდნენ, მაგალითად ურუგვაი. ვნახეთ, რომ დაუმარცხებელი არავინაა და თუ შევძლებთ პროფესიონალიზმის ამაღლებას, ჩვენც შევძლებთ მსოფლიო სერიაში დაწინაურებას. წელს ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრა იქნება, რაც შესარჩევ ტურნირში თამაშის შესაძლებლობას მოგვცემს. ამისათვის საკმარისი გამოცდილება შევიძინეთ, ვნახეთ რას წარმოადგენს ეს ტურნირი და თუ კარგად მოვემზადებით, დასახული მიზნის მიღწევასაც შევძლებთ.

RUGBY.GE

0.135152