„ფროზინონემ“ მორიგი ამხანაგური მატჩი „ბარის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 3:4 წააგო, თუმცა გიორგი კვერნაძემ გოლი გაიტანა.
მე-15 წუთზე ქართველმა შემტევმა მცველს დუელი მოუგო და მეკარესაც აჯობა, რითაც იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. ზოგადად, გიორგი ძალიან აქტიური იყო. მან პრესეზონი კარგად დაიწყო, წინა ამხანაგურ შეხვედრაში ბერძნულ „ვოლოსთან“ ჩინებული საგოლე პასით გამოიჩინა თავი.
მოგეხსენებათ, „ფროზინონემ“ გიორგი კვერნაძე გამოისყიდა და ალბათ, სერია B-ში მეტი სათამაშო დრო მიეცემა.
„ფროზინონე“ კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს „პოტენცას“ და „ლაციოს“ წინააღმდეგ, ხოლო 12 აგვისტოს, იტალიის თასზე „პიზას“ შეხვდება, სერია B-ს პირველ ტურში კი, 18 აგვისტოს, „სამპდორიას“ შინ დაუპირისპირდება.