„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ძალიან ბევრი აქვთ სამუშაო. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, გამარჯვება ბევრ ნაკლს ფარავს, მაგრამ სამუშაო გუნდში ყოველთვის არის, როგორც წარმატების, ისე წარუმატებლობის მომენტში.
„ვიცი, რომ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მთავარია, რომ კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, რადგან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ უკეთესი სეზონი გვქონდეს, ვიდრე შარშან. ვაცნობიერებ, რომ სამუშაო ნამდვილად ბევრია და ჩვენ სეზონს საშუალო პოზიციიდან ვიწყებთ. მაშინაც კი, როცა იმარჯვებ, უნდა გააკეთო შეფასებები იმის გასაგებად, რაში შეიძლება მოუმატო, ზოგჯერ გამარჯვება ბევრ ხარვეზს ფარავს, მაგრამ ობიექტური უნდა იყო და გააცნობიერო, რაში შეგიძლია გაუმჯობესება. ისევე, როგორც მარცხის შემთხვევაში ყველაფერი არ უნდა გადააგდო, მარცხის დროსაც არის დადებითი ასპექტები, რაც გჭირდება.
ევროთასების გარეშე ყოფნა უპირატესობაა? არის უპირატესობაც და მინუსიც. შეგიძლია მთელი კვირა იმუშაო, მაგრამ ვერ ქმნი ისეთ კონკურენტუნარიან გუნდს, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის დროს. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ კარგი შემადგენლობა გჭირდება. შემდეგი ნაბიჯია იმის გარკვევა, ვინ დარჩება გუნდში და ვინ წავა სხვაგან სათამაშოდ“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 20 ივლისს ამხანაგურ მატჩს „მანტოვას“ წინააღმდეგ გამართავს. ხვიჩა კვარაცხელია გუნდს შეკრებაზე 25 ივლისს შეუერთდება.