ფეხბურთი

17:10 | 18.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

L'Equipe: გიორგი მიქაუტაძემ "ლიონთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ცნობილი ფრანგული გამოცემა L’Equipe იტყობინება, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ლიონთან“ დღეს დილით ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჯერჯერობით, ცნობა ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ წყარო ძალიან ავტორიტეტულია. „ლიონმა“ „მეცს“ 18.5 მილიონი ევრო გადაუხადა, ბონუსების გარეშე. ტრანსფერის ოფიციალური დადასტურება უახლოეს ხანშია მოსალოდნელი.

"სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ საბოლოო დეტალების გასარკვევად ლოდინი მოუწია, მაგრამ დილით შეძლო 4-წლიან კონტრაქტზე ხელის მოწერა და თავისი საყვარელი გუნდის მაისურით ფოტოების გადაღებაც. მოსალოდნელია, რომ ტრანსფერის შესახებ საღამოს გამოცხადდება", - წერს L'Equipe.

"ლიონის" სოციალურ ქსელში ანონსით კი, ირკვევა, რომ ინფორმაცია ოფიციალურად, ხვალ, ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე დადასტურდება.

გიორგი მიქაუტაძემ ფეხბურთის თამაში „ლიონის“ აკადემიაში დაიწყო, მაგრამ 15 წლის ასაკში კლუბის დატოვება მოუწია და პროფესიონალურ დონეზე „მეცის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 63 მატჩში 38 გოლი გაიტანა, მათ შორის, გასულ სეზონში ლიგა 1-ში 22 თამაშში თავი 14-ჯერ გამოიჩინა. გიორგის ასევე უთამაშია „აიაქსში“ (9 მატჩი, 0 გოლი) და ბელგიურ „სერენში“, სადაც 57 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების ღირსებას მიქაუტაძე 2021 წლიდან იცავს და 29 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი, რითაც ნაკრების ყველა დროის გოლეადორთა შორის უკვე ათეულშია. გიორგიმ ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა ევრო 2024, სადაც ოთხ თამაშში 3 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა და ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.

„ლიონი“, რომელიც საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონია, მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

0.113853