სანამ ოლიმპიადა დაწყებულა და ისევ ახმაურებულა მთელი პლანეტა სხვადასხვანაირი ხმითა და სიმღერით, ჩვენსავით გადარეულებს სანამ ისევ გაუშლიათ დროშები და ტრანსპარანტები ელ-სალვადორიდან-მოგადიშომდე, სანამ შემშრალი გვაქვს თვალზე სიხარულისა თუ დარდის ცრემლი, უკან რომ მოიხედო და განვლილ ნახევარ წელს გადახედო, აღმოაჩენ, რომ ცხოვრებაში რთულად თუ გაიხსენებ ასე დიადი ამბებით და ემოციებით დატვირთულ დღეებსა თუ ღამეებს, როგორიც ბოლო თვეების მანძილზე ფეხბურთის ხალხმა გამოვიარეთ.
როდესაც სპორტული ემოციების ღადარი კიდევ უფრო განელდება, შემოდგომა მოვა და პოლიტიკური ბატალიები გადაფარავს სოფლებსა თუ ქალაქებს, ბურთის გამო ღამეებს კვლავ ის ხალხი გავტეხთ, რომლებიც აქამდეც ვიზიანებდით ჯანმრთელობას დაღლილი, ოფლიანი, მტვრიანი და ტალახიანი გოგო-ბიჭების ქომაგობაში. მაგრამ ჩვენს ქომაგთა „კლუბში“ თუნდაც ცოტა ხნით გაწევრიანებული ადრე სპორტთან მწყრალად მყოფი ხალხიც კი ალბათ ვერასოდეს დაივიწყებს 2024 წლის უთოვლო ზამთარსა და უაზრო წვიმებით გადაძეძგილ გაზაფხულს. ხოლო ზაფხულის პირველი თვე კი დაგვრჩება როგორც გემო საუკეთესო წითელი ღვინისა, რომელიც სადღაც, მივარდნილ სოფელში უცნობმა, თითქმის წმინდანის გარეგნობის თეთრწვერა კაცმა დაგვალევინა.
26 მარტის საღამოზე და წარუშლელ ღამეზე აბა მე რა უნდა ვთქვა? რომც მოვინდომო თქმა, იმაზე კარგად როგორ ვიტყვი, ვიდრე ეს გიორგი მამარდაშვილმა და ნიკა კვეკვესკირმა ქნეს და ამოთქვეს. ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ძლევის შემდეგ გადაწითელთეთრებულ საქართველოზე კიდევ მრავალი წელი ისაუბრებენ. მაგრამ ჩვენ გასული 6-7 თვიდან სხვა ამბებიც გვახსოვს და იმედია ისიც არასდროს დაგვავიწყდება.
„აიაქსიდან“ საფრანგეთში ბედის ირონიით მიბრუნებული გიორგი მიქაუტაძის მიერ „მეცისთვის“ დაღვრილი ოფლი და გოლები, ამ უსუსტესი პროვინციიული კლუბის ქომაგობაში გალეული საათები და იმედი, რომ ეგებ მომხდარიყო სასწაული და კენტად მოჩაუქე ქართველს „მეცი“ იქ დაეტოვებინა, სადაც ვაღიაროთ რომ ნამდვილად აღარ იყო მისი ადგილი.
კიტეიშვილის სასწაულმოქმედება გრაცის და სრულიად ავსტრიის მიწაზე და მისადმი მიძღვნილი, დითირამბებით გადაძეგილი გერმანულენოვანი სტატიების კითხვაში ჩამოღენთილი ცრემლის პერანგის სახელოთი დამნაშევასავით ჩუმად მოწმენდა.
სათადარიგოთა სკამიდან აღზევებული ბუდუ ზივზივაძე და მისი ერთმანეთზე მაგარი გოლები „ბუნდესქვეყნის“ იმ სტადონებზე, სადაც შემდეგ დიადი აბები დატრიალდა. დატრიალდა არა! ჩვენ დავატრიალეთ, მიუხედავად იმისა, რომ საამისო პროგნოზი ჩემპიონატის წინ წარმოუდგენელი იყო.
მამარდაშვილის გადასარევი სეზონი, ჯაბას და კაშიას მორიგი ჩემპიონობა სლოვაკეთში, ხვიჩას თამაშები იტალიაში და ჩემპიონთა ლიგაზე, ჩაკვეტაძის „გაცოცხლება“ და ზურიკოს გაელვებები წარმოუდგენელ და უსაჭიროეს მომენტებში...
განა ეს ცოტაა ჩვენნაირი ციცქნა, „ლამაზად დაპატარავებული“ ქვეყნისთვის და მტერ-მოყვრის მიერ დაშინებული ხალხისთვის ? არა, ეს ნახევარ წელი მართლაც სულ სხვა იყო! მე ვიტყოდი რომ დაუვიწყარიც!