ფეხბურთი

0:56 | 15.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა!
ბომბარდირი 6 ფეხბურთელი გახდა, მათ შორის, მიქაუტაძეც

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი გახდა!

ფინალში ბომბარდირთა დავაში სიტუაცია უცვლელი დარჩა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატს 6 ბომბარდირი ჰყავს, მათ შორის 23 წლის ქართველიცაა, რომელიც უეფასგან ტურნირისთვის დაწესებულ სპეციალურ პრიზს, ოქროს ბუცს მიიღებს.

აქამდე, უპირატესი წესი იყო გოლის შემდეგ საგოლე პასების რაოდენობა, თუ ყველაფერი ამ შემთხვევაშიც თანაბრად იყო, სათვალავში იღებდნენ ნათამაშები წუთების რაოდენობას (უპირატესობა ენიჭებოდა ნაკლებ წუთებს).

თუმცა, უეფამ ცოტა ხნის წინ შეცვალა წესი, რომლის მიხედვით პასები და წუთები არ მიიღება მხედველობაში, მხოლოდ გოლები.

ამრიგად ევრო 2024-ზე 3-3 გოლით ბომბარდირები გახდნენ გიორგი მიქაუტაძე, დანი ოლმო, კოდი გაკპო, ჰარი კეინი, ჯამალ მუსიალა და ივან შრანცი. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძეზე ნაკლები წუთი მოედანზე ჩამოთვლილთაგან მხოლოდ შრანცმა გაატარა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ოთხ მატჩში 3 გოლთან ერთად, საგოლე პასიც მიითვალა. ქართველმა გოლები თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას გაუტანა.

0.116164