ფეხბურთი

18:17 | 14.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

უეფას პრეზიდენტი: "ევრო 2024-ზე ნახეთ საქართველო, ეს დასტურია, რომ სწორად ვმუშაობთ"
ალექსანდერ ჩეფერინმა ხვიჩა კვარაცხელიაც გამოარჩია

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე 24-გუნდიანი ფორმატი უკეთესია, ვიდრე 16-გუნდიანი იყო. როგორც სლოვენიელმა აღნიშნა, ამის დასტურია საქართველოს და სლოვენიის ნაკრებები, რომლებიც იმსახურებდნენ ევროპის ჩემპიონატზე ყოფნას, მაგრამ 16-გუნდიან ფორმატში შეიძლება ფინალურ ეტაპზე საერთოდ ვერ ეთამაშათ.

„ეს ფორმატი უფრო საინტერესოა, ვიდრე 16-გუნდიანი. თქვენ ხედავთ საქართველოსა და სლოვენიას, ქვეყნებს, რომლებიც ალბათ ვერ გავიდოდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ფორმატი 16-გუნდიანი რომ ყოფილიყო და რომლებიც აქ ყოფნას იმსახურებდნენ. თქვენ ხედავთ, რომ ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერთან გამარჯვება. 24 ფანტასტიკური გუნდი გვყავს და თუ ორი-სამი გუნდი დაემატება, ევროპის ჩემპიონატი უდავოდ უფრო ძლიერი იქნებოდა, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატი.

ვინ მომეწონა ტურნირზე ფეხბურთელებიდან? ბევრი მათგანი, დაწყებული ფინალისტებით. ყოველთვის გაოცებული ვარ ბელინგემის ხარისხით და ბუნებრივია, კეინით. ვფიქრობ, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე როდრიმ მოახდინა, რომელიც ესპანეთის ტვინია და ბურთს არასდროს კარგავს, არ ვიცი, ამას როგორ ახერხებს. ასევე, კვარაცხელია და სლოვენიელი ფეხბურთელი კარნიჩნიკი, დარწმუნებული ვარ, მის შესახებ არასდროს გსმენიათ, სლოვენიის ჩემპიონატში თამაშობს და შესანიშნავი ტურნირი ჰქონდა. ბევრი ფეხბურთელია“, - თქვა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალია დაამარცხა (2:0), ჩეხეთთან ფრე ითამაშა (1:1), ხოლო თურქეთსა (1:3) და ესპანეთთან (1:4) წააგო. ვილი სანიოლის გუნდი მერვედფინალამდე მივიდა, რითაც ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერა.

0.117229