„ვალენსიაში“ სტოლე დიმიტრიევსკი ოფიციალურად წარადგინეს, რომელიც ესპანურმა კლუბმა „რაიო ვალეკანოდან“ დაიმატა.
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მეკარეს ჰკითხეს გიორგი მამარდაშვილზე, რომელთანაც კონკურენცია მას მოუწევს, თუ ქართველი ამ ზაფხულს გუნდს არ დატოვებს.
„აქ რომ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ მამარდაშვილი გუნდში იყო. შესანიშნავი მეკარეა, ამას ამტკიცებს ორი წელია და დაამტკიცა ევროპის ჩემპიონატზეც. აქ კონკურენციის გასაზრდელად მოვედი, მეტი არაფერი“, - თქვა ჩრდილომაკედონიელმა.
აღსანიშნავია, რომ როცა „ვალენსიამ“ დიმიტრიევსკის ტრანსფერი დაადასტურა (რამდენიმე კვირის წინ), ესპანური მედია წერდა, რომ მამარდაშვილის გაყიდვა გადაწყვეტილი იყო. თუმცა, ესპანური კლუბი მასში 35-40 მილიონ ევროს ითხოვს, რის გამოც ჯერჯერობით, დაინტერესებული კლუბების სიმცირეა და დიდი შანსია, მამარდამ მომდევნო სეზონიც „ვალენსიაში“ გაატაროს.
ქართველ მეკარეს „ვალენსიას“ მაისურით 100 მატჩი აქვს ჩატარებული, კონტრაქტი კი, 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.