ფეხბურთი

13:16 | 11.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

Eldesmarque: "ბაიერნი" მამარდაშვილს არ ივიწყებს

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი მიუნხენის „ბაიერნს“ დაუკავშირეს. როგორც ვალენსიური გამოცემა Eldesmarque წერს, გერმანული გრანდი ქართველ კიპერს არ ივიწყებს.

წყაროს თანახმად, მიუნხენელებმა ინფორმაცია მოითხოვეს მისი კონტრაქტის და ხელფასის შესახებ. თუმცა, ჯერჯერობით, კონკრეტული არაფერია, რადგან გიორგიმ მკაფიოდ თქვა, რომ „ბაიერნში“ გადასვლას არ აპირებს, თუ თამაშის გარანტიას არ მიიღებს, რაც მანუელ ნოიერის პირობებში შეუძლებელია.

Eldesmarque იმასაც აღნიშნავს, რომ მამარდაშვილისთვის ახალი კლუბის არჩევისას ორი პრიორიტეტია: სათამაშო დროის გარანტია და ევროტურნირებზე ასპარეზობა, სასურველია - ჩემპიონთა ლიგაზე.

თავის მხრივ, გერმანელმა მეკარემ ადგილობრივ მედიასთან MLS-ში წასვლა არ გამორიცხა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ნოიერს „ბაიერნთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს.

„ბაიერნი“ მამარდაშვილით შარშანაც იყო დაინტერესებული, როცა ნოიერი ტრავმირებული იყო, თუმცა მაშინ გარიგება არ შედგა. საინტერესოა, რომ „ვალენსიამ“ უკვე იყიდა გიორგის შემცვლელი, სტოლე დიმიტრიევსკი, თუმცა ეს მაინც არ გამორიცხავს ქართველის ესპანურ კლუბში დარჩენას, რადგან მამარდაში „ვალენსია“ 35-40 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ბევრი კლუბისთვის შემაფერხებელი ფაქტორია, მაგალითად, „ნიუკასლისთვის“, რომელმაც ტრანსფერზე უარი სწორედ მაღალი ფასის გამო თქვა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიაში“ 2021 წლიდან 100 მატჩი აქვს ჩატარებული და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

0.150291