საქართველოს ნაკრების 37 წლის კაპიტანმა გურამ კაშიამ ახლახან დაასრულა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ოთხივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და მაშინ, როცა თითქმის ყველა შვებულებაშია, ვინც ევრო 2024-ზე ითამაშა, გურამი უკვე კლუბს შეუერთდა.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის „სლოვანმა“ ჩრდილომაკედონიური „სტრუგა“ 4:2 დაამარცხა, კაშიამ კი, 90 წუთი გაატარა მოედანზე.
ვლადიმირ ვაისის გუნდმა ტაიმი 2:0 მოიგო, მერე ორი გოლი გაუშვა და ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ მატჩის მიწურულს, 85-ე და 91-ე წუთებზე იურაი კუცკამ დუბლით მატჩის ბედი გადაწყვიტა. სხვათა შორის, ევრო 2024-ზე კუცკაც თამაშობდა. საპასუხო მატჩი ერთ კვირაში გაიმართება.
ლატვიის ჩემპიონმა რფს-მა ჩრდილოირლანდიური „ლარნი“ 3:0 დაამარცხა და დიდი ნაბიჯი გადადგა მეორე ეტაპისკენ. ლაშა ოდიშარიამ 77-ე წუთიდან ითამაშა.