რაზგრადის „ლუდოგორეცის“ კაპიტანმა ანტონ ნედიალკოვმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, რთულ თამაშს ელოდება, რადგან მეტოქეს დამატებითი მოტივაცია აქვს.
„ამ მატჩებს ყველა ფეხბურთელი მთელი წელი ელოდა. არ მგონია, დაუფასებლობა იყოს. ძალიან მოტივირებულები ვართ, რომ თავი გამოვიჩინოთ. რა გზაც არ უნდა იყოს, უნდა მოვიგოთ. შარშანდელთან შედარება სწორი არ არის, ყოველი წელი განსხვავებულია, გუნდები განსხვავდებიან, მაგრამ დამოკიდებულება იგივეა. გვინდა, ევროთასებზე ჯგუფში ვითამაშოთ.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგად ითამაშა და ეს „დინამო ბათუმისთვის“ დამატებითი მოტივაცია იქნება. ძალიან სწრაფად თამაშობენ ბურთით და შეტევაში სწრაფად გადადიან. მათ აქვთ თამაშის სტილი, რომელსაც წარმატება მოაქვს“, - თქვა ნედიალკოვმა.
შეგახსენებთ, „ლუდოგორეცის“ და „დინამო ბათუმის“ მატჩი 10 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.