ფეხბურთი

22:37 | 5.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დრამა და ესპანეთის ტრიუმფი შტუტგარტში: ევრო 2024-ს მასპინძელი გამოეთიშა

ევრო 2024-ზე ესპანეთის ნაკრების შეჩერებას ჯერჯერობით ვერავინ ახერხებს. „ფურია როხამ“ მეოთხედფინალში მასპინძელი გერმანიაც დაამარცხა და ზედიზედ მეორე ევროა საუკეთესო ოთხეულში მოხვდა.

ორივე ნაკრები მეოთხედფინალამდე ისე მივიდა, რომ საყოველთაო მოსაზრებით საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებდნენ და ალბათ, მართლაც ასე იყო.

თამაშიც კარგი გამოდგა, თუმცა არა პირველი ნახევარი, რომელიც მოსაწყენი იყო. სამაგიეროდ, შესვენების შემდეგ არც ხარისხის ნაკლებობა იყო და არც დრამის. ესპანეთი 51-ე წუთზე დანი ოლმომ დააწინაურა, რომელიც მარტო დატოვეს სახიფათო ზონაში ლამინ იამალის პასის მერე.

„ფურია როხა“ ახლოს იყო ნახევარფინალთან, მაგრამ გერმანია დანებებული გინახავთ? იულიან ნაგელსმანის გუნდმა 89-ე წუთზე ფლორიან ვირტცის ზუსტი დარტყმით გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.

სადაც, უკვე გერმანია უკეთესი იყო, ფლობდა უპირატესობას, მოგებაც შეეძლო, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენა. და, მაშინ, როცა ყველა პენალტების სერიას ელოდა, ესპანეთმა იშვიათი შეტევა გოლით დაასრულა. 119-ე წუთზე დანი ოლმომ გოლს საგოლე პასი დაუმატა, შესანიშნავად ჩააწოდა და კიდევ უფრო უნაკლოდ თავით დაარტყა მიკელ მერინომ.

ეს გამარჯვების მომტანი გოლი იყო. ესპანეთი ევრო 2024-ზე პირველი ნახევარფინალისტია, გერმანიის ნაკრებმა კი, ტურნირი დატოვა, იმის მიუხედავად, რომ მასპინძელი იყო, ეს ფაქტორი ვერ გამოიყენა და ბევრს ვერც ვერაფერს მიაღწია - მეოთხედფინალი გერმანიისთვის კატასტროფული შედეგიც კია.

დასრულდა ტონი კროოსის კარიერაც. ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა...

ესპანეთი - გერმანია 2:1 დ.დ (0:0)

შტუტგარტი, MHP არენა

ესპანეთი (4-2-3-1): სიმონი; კარვახალი, ლე ნორმანი (ნაჩო 46), ლაპორტი, კუკურელია; როდრი, ფაბიან რუისი (ხოსელუ 102); იამალი (ტორესი 63), პედრი (დანი ოლმო 8), ნიკო უილიამსი (მერინო 80); მორატა (ოიარსაბალი 80)

მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი, რიუდიგერი, ტაა (80. მიულერი), რაუმი (მიტელშტადტი 57); ემრე ჯანი (ანდრიხი 46), კროოსი; მუსიალა, გიუნდოგანი (ფიულკრუგი 57), სანე (ვირტცი 46); ჰავერცი (ანტონი 91)

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გოლები: 1:0 დანი ოლმო (51), 1:1 ვირტცი (89), 2:1 მერინო (119)

გაფრთხილება: ლე ნორმანი (29), ტორესი (74), სიმონი (82), კარვახალი (100), როდრი (110, 120), ფაბიან რუისი 120) - რიუდიგერი (13), რაუმი (28), ანდრიხი (56), მიტელშტადტი (73), შლოტერბეკი (89), ვირტცი (94), უნდავი (113)

გაძევება: კარვახალი (120)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (6) – 23 (6) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 1:5 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

0.120044