ფეხბურთი

14:32 | 3.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ახლა უნდა განვიხილოთ რა იყო კარგი და რა - ცუდი"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საზეიმო ცერემონიის შემდეგ საქართველო დატოვა და სამშობლოში გაფრინდა.

როგორც მან თქვა, ძალიან ბედნიერია და ახლა ფედერაციასთან უნდა განიხილოს, რა გააკეთეს კარგად და რა - ცუდად.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ და ვფიქრობ ყველა ბედნიერია, ხალხიც, ფედერაციაც. ფეხბურთიც სწორედ ამიტომ არსებობს, რომ ხალხი გაახაროს. ჩვენ ახლახან დავასრულეთ ევროპის ჩემპიონატი და ახლა უნდა განვიხილოთ ფედერაციასთან რა იყო კარგი და რა იყო ცუდი. ამის შემდეგ ვისაუბრებთ გადაწყვეტილებებზე“, - განაცხადა სანიოლმა აეროპორტში ქართულ მედიასთან, სანამ საქართველოდან გაფრინდებოდა.

მანამდე ვილიმ თავისუფლების მოედანზე გამართულ ზეიმზე გულშემატკივრებს მიმართა:

„3.5 წელი დიდი დრო აღმოჩნდა, ძალიან ბევრი ოფლი დაიღვარა, ჩემი არა, ფეხბურთელების. იმედი მაქვს, რომ მომდევნო 3.5 წლის განმავლობაში იგივე ან უკეთესი შედეგი გვექნება“.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად 2021 წლის თებერვალში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, შემდეგ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშიც, გარდა ამისა, ერთა ლიგის C დივიზიონიდან B დივიზიონში აღზევდა.

0.115348