ფეხბურთი

13:37 | 2.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "ვერაფერი ახსნის ჩვენი ხასიათის სიმტკიცეს ისე, როგორც ფეხბურთი"

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას გამოეხმაურა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ვერაფერი ახსნის ქართული ხასიათის სიმტკიცეს ისე, როგორც ფეხბურთი.

„ისეთ რეალობაში გავატარეთ უკანასკნელი 2 კვირა, საკუთარი ხელითაც რომ ვერ დავწერდით უკეთეს სცენარს. გავბედეთ და დავიჯერეთ, რომ შეგვიძლია და მთავარი სწორედ ეს მგონია. ვერაფერი ახსნის ჩვენი ხასიათის სიმტკიცეს და განსაკუთრებულ ინდივიდუალიზმს ისე, როგორც ფეხბურთი. ეს ცოცხლად ვიხილეთ ევროპის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ.

განსაკუთრებული გამოცდილება მივიღეთ ჩვენც, ტრიბუნაზე, ქუჩებში, პაბებში და ყველა იმ სივრცეში, სადაც გერმანიაში ყოფნის დროს, ჩვენი ნაკრების საქომაგოდ ვიკრიბებოდით. ძალიან ბედნიერია მთელი ქვეყანა და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მუხტის დაჭერა და მისი გაძლიერებაა.

ვულოცავ ამ წარმატებას ეროვნულ ნაკრებს, კობის, იაშკას, ვილი სანიოლს, ნაკრების სტაფის ყველა წევრს და ყველა ქომაგს, რომელიც ამ უდიდესი ზეიმის მონაწილე გახდა. მადლობა ღირსეული თამაშისთვის და მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ“, - დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ერთი მატჩი მოიგო (პორტუგალიასთან 2:0), ერთხელ ფრეს დასჯერდა (ჩეხეთთან 1:1) და ორჯერ დამარცხდა (თურქეთსა 1:3 და ესპანეთთან 1:4), გაიტანა 5 გოლი, გაუშვა 8 და ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე დაემშვიდობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.121263