კალათბურთი

16:21 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„სან ანტონიო სპურსმა“ სანდრო მამუკელაშვილს RFA-ის სტატუსი მიანიჭა

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „სან ანტონიო სპურსმა“ საქართველოს ნაკრების კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილს RFA-ის სტატუსი მიანიჭა.

სანდრო მამუკელაშვილს გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა, თუმცა „სან ანტონიომ“ გააქტიურა ოფცია, რომლის მიხედვითაც, სანდროს კონტრაქტზე უფლებებს კვლავ ინარჩუნებს. RFA-ის სტატუსი ნიშნავს შეზღუდულ თავისუფალი აგენტის სტატუსს, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ ქართველ კალათბურთელს რომელიმე გუნდი შეთავაზებას გაუკეთებს, „სპურსს“ შესაძლებლობა ექნება იმ შეთავაზებას გაუთანბრდეს და ქართველი გუნდში დაიტოვოს, თუმცა სავსებით შესაძლებელია ისიც, რომ სხვა გუნდის მიერ გაკეთებული შეთავაზება ტექსასური გუნდისთვის მიუღებელი იყოს და ქართველს იმ გუნდში შეელიოს, რომელიც შეთავაზებას გააკეთებს.

კიდევ ერთი ვარიანტი ის არის, რომ მამუკელაშვილმა თავად განაცხადოს საკვალიფიკაციო შეთავაზებაზე უარი და როგორც ბოლო პერიოდში ხშირად იწერება, ევროპაში გადავიდეს სათამაშოდ, ასე რომ, მამუკელაშვილის მომავალი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

გასულ სეზონში სანდრო მამუკელაშვილს ბევრი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, თუმცა აპრილში მან შანსი მიიღო და მთელი თვის განმავლობაში საშუალოდ 11.6 ქულას და 9.7 მოხსნას აგროვებდა, რამაც გუნდი ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

ამჟამად, მამუკელაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად ლატვიაში იმყოფება და ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება, რომელსაც საქართველოს ნაკრები 2 ივლისს დაიწყებს.

0.115679