ფეხბურთი

1:48 | 1.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "პირველი გოლი ჩემი აზრით თამაშგარე იყო, თუმცა ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევრო 2024-ის მერვედფინალში, ესპანეთის ნაკრებთან მატჩის (1:4) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგმა სპეციალისტმა თამაში შეაფასა და მთლიანად საქართველოს ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატზე განვლილ გზაზეც ისაუბრა.

„ძალიან გვიხარია და ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ. ძალიან რთულია ახლა მხოლოდ ამ თამაშგარეზე ვისაუბროთ, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, დიახ, აშკარა თამაშგარე იყო. ნიდერლანდების გოლი საფრანგეთთან თუ თამაშგარე იყო, მაშინ ეს 10-ჯერ მეტად იყო. ზოგადად, ფეხბურთში VAR-ი შესანიშნავი სიახლეა, მაგრამ ვფიქრობ, სწორად არ ვიყენებთ, არ ვიცით, სწორად როგორ გამოვიყენოთ. შეიძლება 10 ეკრანზე უყურებდნენ მომენტს, მაგრამ სხვადასხვა გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც ფეხბურთელებში დაბნეულობას იწვევს. არ ვიცით, VAR-ი სწორად როგორ გამოვიყენოთ, მაგრამ ალბათ, მომავალში სიტუაცია შეიცვლება.

ევროპის ჩემპიონატი დღეს დავასრულეთ და ახლა მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბარი ძალიან ადრე მგონია. გვქონია ცუდი პერიოდი, კარგი პერიოდიც, ეს ყველგან ასეა. უნდა დავსხდეთ, მშვიდად ვისაუბროთ, გავაანალიზოთ რა გავაკეთეთ. ყველანი ბედნიერები ვართ ბოლო შედეგებით, რადგან ნაკრების ევოლუცია ფანტასტიკური იყო, ამით ძალიან ვამაყობ, ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობთ. ახლა ეს გზა დასრულდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომდევნო გზა კიდევ უფრო კარგი იქნება.

ყველაფრის გასააზრებლად რამდენიმე დღე დაგვჭირდება. ამ ტურნირზე გუნდურად ფანტასტიკურად ვითამაშეთ. არ ვამბობ, რომ იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ სამწუხაროა, რომ წავაგეთ. ამ მატჩებიდან ფეხბურთელები ისწავლიან, რომ ასეთ დონეზე ყოველ წამს 100%-ით მზად უნდა იყო, არა მარტო ფეხბურთელები, პირველ რიგში მე, ჩემი სტაფი ვისწავლით. მოგებისგან და წაგებისგან რაღაცის სწავლა შეიძლება, მაგრამ ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში უნდა გავაანალიზოთ.

დიდი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით, პირველივე შეტევით გოლი გავიტანეთ და პირველი ტაიმი რომ მოგვეგო, ალბათ, მეორე ნახევარში მეტი ენერგია გვექნებოდა. გოლის მომენტში ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, კიტეიშვილი დავკარგეთ, რამდენიმე წამში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მთლიანობაში ორი აზრი არაა, რომ ესპანეთმა მოგება დაიმსახურა.

აქამდე მოსასვლელად ბევრი ვიმუშავეთ და ვეცდებით, რომ ამ დონეზე კიდევ დავბრუნდეთ, რათა საუკეთესო გუნდებს ისევ ვეთამაშოთ. ჩვენმა გულშემატკივრებმა მსგავს ტურნირზე იმღერეს ჰიმნი, სტადიონებზე დიდებული ატმოსფერო შექმნეს, გვინდა, იგივე კიდევ განვიცადოთ და ამაზე მუშაობას ხვალიდან დავიწყებთ.

კვარა პსჟ-ში? ეს მისი გადასაწყვეტია, თუ წასვლა სურს უნდა წავიდეს, მაგრამ „ნაპოლიც“ კარგი გუნდია, რომელიც პატივისცემას იმსახურებს. „ნაპოლი“ იქნება თუ პსჟ, ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია მან ისევ ემოციით ითამაშოს და მას საუკეთესო მომავალს ვუსურვებ“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებით ჩაატარა და ისტორია დაწერა.

ვილი სანიოლის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან წააგო (1:3), შემდეგ ჩეხეთს დაუზავდა (1:1), მერე იყო პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება (2:0), ხოლო მერვედფინალში ესპანეთის წინააღმდეგ მარცხი განიცადა (1:4).

გიორგი მიქაუტაძემ 3 გოლი გაიტანა, ხვიჩა კვარაცხელიამ 1, ერთი გოლიც ესპანელმა რობინ ლე ნორმანმა ჩვენს სასარგებლოდ მიითვალა. ევრო 2024 სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ამას ესპანეთის ნაკრებთან წაგება ნამდვილად ვერაფერს დააკლებს.

0.123876