ფეხბურთი

10:25 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

უკვე ჩემპიონი საქართველო

ჩვენ უკვე მოვიგეთ ევრო 2024 - თქვა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის წინ. ერთი მხრივ ფრანგ სპეციალისტს წნეხისგან გუნდის გათავისუფლება სურს, მეორე მხრივ, აბსოლუტური სიმართლე თქვა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული უკვე არის, რადგან ხალხის გული მოიგო. ხალხის, არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის მასშტაბით. „ანდერდოგის“ მეტსახელი ტყუილად არ მიუღია სანიოლის გუნდს, სავსებით დამსახურებულად და სამართლიანად.

პორტუგალიასთან მატჩამდე გელზენკირხენის ქუჩებში ქართველების სიმრავლე შესამჩნევი იყო. ყველა კარგ განწყობაზე, თითქოს, იმთავითვე იგრძნობოდა, რომ მატჩის შედეგი ვერ შეცვლიდა გულშემატკივრის დამოკიდებულებას, საქართველოს ნაკრები ნებისმიერ შემთხვევაში უკვე გამარჯვებული იყო.

თუმცა, რაც დიდებული „ველტინს არენაზე“ მოედანზე მოხდა, ეს სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ჯერ ხომ მთელი ინტერნეტ სამყარო (არა მარტო ქართული) მოიარა იმ ფოტოებმა, რომლებშიც პატარა ჩაკვე, კვარა, ქოჩორა, ზურიკო და სხვანი თავიანთ კუმირს კრიშტიანო რონალდოს პირველად შეხვდნენ, მერე მის წინააღმდეგ ითამაშეს და თანაც როგორ.

რა თქმა უნდა, პორტუგალია არ იყო მოედანზე უძლიერესი შემადგენლობით, მაგრამ ამას საერთოდ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რობერტო მარტინესის გუნდში აბსოლუტურად ყველა უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. მერე რა, რომ პორტუგალიას არც სატურნირო მოტივაცია ჰქონდა და მერე რა, რომ ამ თამაშით ლუზიტანელებისთვის არაფერი შეცვლილა. არა, როგორ არ შეცვლილა - პორტუგალიის ნაკრების რეპუტაციას ამ ტურნირზე საქართველოსთან მარცხი დარტყმას მაინც აყენებს.

საქართველომ მოიგო სრულიად დამსახურებულად. მერე რა, რომ მეტოქე ბურთს აკონტროლებდა, მომენტებიც ბევრი ჰქონდა, საქართველოს ნაკრებმა ითამაშა ის ფეხბურთი, რაც გამარჯვებისთვის იყო საჭირო. მაქსიმალურად გამოიყენა თავისი შანსი. დიახ, შანსის გამოყენება ჰქვია ხვიჩას გოლს, როცა ანტონიო სილვას უხეში შეცდომა, ორი კაცის სამი შეხებით გოლით დასრულდა. ჟორჟის იდეალურ დროს, იდეალური სიზუსტით გაკეთებული პასი გამოსარჩევია, ისეთი პასი გააკეთა, კვარას ბურთის მიღება-დამუშავებაში დროის დახარჯვა არ მოუწია, რაც მომენტის შესაბამის დასასრულს გაართულებდა.

მომენტის გამოყენება ჰქვია ლუკა ლოჩოშვილის მოპოვებულ პენალტსაც. საერთოდ, სანიოლს ბევრი, ყველა თუ არა, აკრიტიკებდა მარცხენა ფლანგზე არსებული პრობლემების გამო, რასაც ირაკლი აზაროვის განაცხადს მიღმა დატოვება, ლევან შენგელიას გამოუყენებლობა დაემატა და ამის ფონზე, ცენტრალური მცველის, ლოჩოს, „ლატერალად“ მოვლინება, მართლა ალოგიკურ ნაბიჯს ჰგავდა. ლოჩოს არ აქვს ისეთი ფიზიკური მონაცემები და ტექნიკური თვისებები, ეს ფუნქცია თითქოს უშეცდომოდ რომ შეასრულოს, მაგრამ ვილიმ ესეც გამოიცნო და გამარჯვებულებს არ ასამართლებენ - ლუკამ პენალტი სწორედ „ახალი“ პოზიციიდან მოიპოვა. ჟორჟმაც ცივსისხლიანად დაარტყა. ისე, რა უცნაურია ფეხბურთი - ახლაც დაუჯერებელია, რომ საბერძნეთთან დაუვიწყარ ფინალში ერთადერთი პენალტი სწორედ მიქაუტაძემ ვერ გაიტანა, კაცმა, რომელიც პენალტებს საერთოდ არ აფუჭებს.

სანიოლმა ბევრი რამ გამოიცნო და მგონია, რომ ამ ადამიანის კრიტიკა ზედმეტია. უშეცდომო არავინაა, მასაც ძალიან ბევრი შეცდომა ჰქონდა ამ პროცესის განმავლობაში, თითქმის 4-წლიან ციკლში, რაც საქართველოშია, მაგრამ ჩანს, რომ ეს ადამიანი თავის შეცდომებს აანალიზებს, ზოგს დროულად, ზოგს გვიან, მაგრამ აანალიზებს და ისიც უტყუარი ფაქტია, რომ ვილი სანიოლმა ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერა. ის დარჩება ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ვინმეს მოსწონს თუ არა, ეს ფაქტია და ვერავინ გაექცევა.

სანიოლმა თავის დროზე ზუსტად მიაგნო 3-მცველიან სქემას, ძალიან შედეგიანად უცვლიდა ფეხბურთელებს პოზიციებს, გახსოვთ, კაკაბაძე ცენტრალურ მცველად, ლობჟანიძე მარჯვენა ლატერალად, წიტაიშვილი-შენგელიაც მან აქცია ფლანგის მცველ-ნახევარმცველებად, ქოჩორაშვილსაც მის დროს მიეცა შანსი და სწორედ მასზე ააგო ნახევარდაცვა, ჩაკვეც მან დაწია ცენტრში, როცა თითქოს, პრობლემა შეიქმნა მისი და კვარას მოედანზე ერთად ყოფნის. მოკლედ, ბევრ რამეზე იმუშაო, შედეგსაც მიაღწია.

ახლა, როგორც უნდა მორჩეს ევრო 2024, ქართული ფეხბურთის და ფეხბურთელების შესახებ ყველას წარმოდგენა შეცვლილია. უცხოელი გულშემატკივრებისთვის, კვარა (ისედაც იყო), მამარდა და მიქაუტა უკვე არიან მსოფლიო კლასის ფეხბურთელები, ამას აღიარებს და ამბობს თითქმის ყველა და ამის გადამოწმება სოციალური ქსელის ეპოქაში უმარტივესი ამბავია. სხვებიც გაიცნეს და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული კლუბებისგან ინტერესი გაიზრდება. მაგალითად, როგორ შეიძლება საფეხბურთო სკაუტს შეუმჩნეველი დარჩეს ქოჩორას თამაში, ან კიტე, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ პორტუგალიასთან ითამაშა?

საერთოდაც, როგორ ითამაშა გველესიანმა, კაცმა, რომელსაც ნაკრებში დებიუტი 33 წლისას ჰქონდა, სულ რამდენიმე დღის წინათ, როგორ თამაშობს დვალი ბოლო თვეების განმავლობაში და როგორ კლდესავით დგას კაპიტანი?! ამ ბიჭებმა ყველას გული მოიგეს და მთავარი გამარჯვებაც სწორედ ეს არის.

და, რაც პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ გელზენკირხენში ხდებოდა, ცალკე ამბავია, თავი თბილისში გეგონებოდა: საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხომ ქართული სიმღერები ისმოდა და ქუჩებში სიგნალებით, ქართული დროშებით მანქანები მოძრაობდნენ. პორტუგალიასთან მოგება დიდი ზეიმი იყო, ზუსტად 3 თვის თავზე 26 მარტიდან 26 ივნისამდე.

წინ ესპანეთის ნაკრებია, ალბათ, ყველაზე მძიმე მეტოქე, ვისთანაც თამაში შეიძლებოდა, გუნდი, რომელიც მაგარ ფორმაშია და რომელთანაც ძალიან ცუდი მოგონებები გვაქვს, მაგრამ საქართველოს დასაკარგი არაფერი აქვს, ზოგჯერ ნავსი ტყდება, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და იქნებ, სწორედ ეს დღეა, რატომაც არა?!

და, ყველაფრის მიუხედავად, ევრო 2024-ის გამარჯვებული უკვე საქართველოს ნაკრებია, დანარჩენი ისტორიაა...

WORLDSPORT.GE გელზენკირხენიდან

0.115606