საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა, ვარჯიშის დაწყებამდე კი მედიის კითხვებს ლუკა ლოჩოშვილმა და ოთარ კიტეიშვილმა უპასუხეს.
ლუკა ლოჩოშვილი: "დავინახეთ, რომ შეგვიძლია პორტუგალიის დონის გუნდებთან ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ. ვფიქრობ, ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. ეს მატჩი თითოეული მოთამაშისთვის დიდი გამოცდილება იყო, რამაც თავდაჯერება შეგვმატა. თუმცა, პორტუგალიასთან გამარჯვება უკვე წარსულია. უნდა ვკონცენტრირდეთ მომდევნო მეტოქეზე და მოვემზადოთ ესპანეთთან მატჩისთვის".
ოთარ კიტეიშვილი: "პორტუგალიის ნაკრები ერთ-ერთი ფავორიტი და უმაღლესი დონის გუნდია. წარმოუდგენლად ითვლებოდა მათი დამარცხებით ჯგუფიდან გასვლა, თუმცა შევძელით. ეს თავდაჯერება და ემოციური ფონი უნდა გაგვყვეს ესპანეთთან თამაშისთვის.
ესპანეთის ნაკრები ყოველთვის გამორჩეული გუნდია განსხვავებული სათამაშო სტილით. ჰყავთ გამორჩეული ფეხბურთელები. მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ და შევასრულოთ მწვრთნელის დავალებები.
თითოეული მატჩი ამ ტურნირზე ჩვენთვის არის უდიდესი გამოცდილება და საკუთარი თავის შემოწმება, თუ სად შეიძლება ვიყოთ და რაზე შეიძლება ვიფიქროთ".
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალურ შეხვედრაში ესპანეთს 30 ივნისს, კიოლნში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
NAKREBI.GE