ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2024 წლის გათამაშების მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ქუთაისის „ტორპედომ“ უხვგოლიან მატჩში დაფიქსირებული ფრის შემდეგ, „დინამო ბათუმი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყო და 25 წუთში 3 გოლიც ვიხილეთ. მატჩის მე-12 წუთზე ბათუმელებმა პენალტის შესრულების უფლება მიიღეს, რომელიც გოლად ვლადიმერ მამუჩაშვილმა გარდასახა და თავისი გუნდი დააწინაურა. 7 წუთში ლუკა ხარატიშვილის შეცდომის წყალობით, ქუთაისელთა ნორვეგიელმა შემტევმა, ბიორნ იონსენმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მატჩის 25-ე წუთზე უერდი მარას მიერ გაკეთებულ გადაცემას საჯარიმოში პაატა ღუდუშაური გამოეხმაურა და „დინამო“ კიდევ ერთხელ დააწინაურა. პირველი ტაიმი აჭარულმა კლუბმა 2:1 მოიგო.
მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და იმერულმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება 73-ე წუთზე შეძლო, როდესაც ბიორნ იონსენმა კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი დაუხვედრა და დუბლი შეასრულა. გაშვებული გოლის შემდეგ ბათუმელები უფრო მეტად გააქტიურდნენ და 84-ე წუთზე უკვე პაატა ღუდუშაურმა შეძლო დუბლის შესრულება და თავისი გუნდის კიდევ ერთხელ წინ გაყვანა. „ტორპედომ“ ბოლო წუთებზე ზეწოლა გააძლიერა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე ჟორჟინიომ ანგარიში მესამედ გაათანაბრა და შეხვედრა პენალტების სერიაში გადაიყვანა.
პენალტები გუნდებმა არც თუ ისე კარგად შეასრულეს. ბათუმელთა მხარეს გოლები მარამ და გომისმა გაიტანეს, მამუჩაშვილმა, ხარაბაძემ და ღუდუშაურმა კი თავიანთი შანსები ვერ გამოიყენეს. ქუთაისელთა მხარეს მანჯგალაძემ და გიგაურმა ვერ შეძლეს გატანა, თუმცა იონსენმა და ფელიპე პირესმა დარტყმები ზუსტად შეასრულეს. ბოლო პენალტის დასარტყმელად ბურთთან გიორგი არაბიძე მივიდა, რომლის დარტყმულიც ხარატიშვილმა მოიგერია, თუმცა ხაზიდან დარტყმამდე გამოვიდა წინ, განმეორებითი პენალტი კი უკვე არაბიძემ ზუსტად შეასრულა და ქუთაისელებს ფინალის საგზური მოუტანა.
სუპერთასის პირველ ნახევარფინალში „დინამო თბილისმა“ „იბერია 1999“ 2:0 დაამარცხა და ფინალურ შეხვედრაში „ტორპედო“ სწორედ დედაქალაქურ გუნდს დაუპირისპირდება. თავის მხრივ, „დინამო ბათუმი“ და „იბერია 1999“ კი მესამე ადგილისთვის ითამაშებენ.