კალათბურთი

18:55 | 28.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალეკსანდარ ჯიკიჩი: “ჩვენი მიზანია ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ“

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა კალათბურთის ფედერაციასთან ისაუბრა:

ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებზე: “სანამ კალათბურთზე ლაპარაკს დავიწყებთ, მინდა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს ევროპის საუკეთესო 16 გუნდში მოხვედრა მივულოცო. ეს უდიდესი წარმატებაა. მათი თამაში ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ვხედავ, რომ ერი ბედნიერი და ამაყია და ეს ასეც უნდა იყოს“

ამხანაგურებამდე მოსამზადებელ პერიოდზე: “ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის მოსამზადებელ ბოლო ფაზაში ვართ. შეკრება თბილისში, 9-დღიანი კემპით დავიწყეთ. რამდენიმე მოთამაშემ გადაწყვიტა, რომ ეს შეკრება მნიშვნელოვანი არ იყო, თუმცა მათზე ლაპარაკს არ ვაპირებ. მეორე ეტაპი უკვე ტრევიზოში გავიარეთ. სრული შემადგენლობით იმაზე ცოტა ვარჯიში ჩავატარეთ, ვიდრე ვგეგმავდით, თუმცა ეს ის რეალობაა, რომელსაც უნდა შევეგუოთ და ამაზე წუწუნს არ ვაპირებთ, რადგან ჩვენი მიზანია ღირსეულად წარმოვაჩინოთ ქვეყანა.“

ამხანაგურ შეხვედრებზე: “3 მოსამზადებელი მატჩი გვქონდა დაგეგმილი, საიდანაც 2 ვითამაშეთ. იტალიასთან გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ ხანდახან ცუდად გამოვიყურებოდით. ამის მიუხედავად, მჯერა, რომ ეს პრობლემები გამოსწორებადია. ბოლო შეხვედრა კამერუნთან გავმართეთ. სამწუხაროდ, პირველ მატჩში სანდრო გვაკლდა, კამერუნთან კი ჯო ტომასონი იყო ავად. ამ ყველაფრის მიუხედავად, ორივე თამაში ჩვენთვის კარგი შანსი იყო იმის დასანახად, თუ სად ვართ. შემდეგ დღეებში კიდევ ერთი თამაში გვაქვს, სადაც სრული შემადგენლობით კვლავ ვერ ვიქნებით.“

მომავალ მეტოქეებზე: “2 დღეში რიგაში გავემგზავრებით, სადაც ჯგუფური ეტაპის თამაშებისთვის მოვემზადებით. ლატვია და ფილიპინები ორი რადიკალურად განსხვავებული გუნდია. ლატვია ძალიან დაბალანსებულია. ისინი ისეთ კალათბურთს თამაშობენ, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევა რთულია. ფილიპინები კი იმ სტილით თამაშობს, რომელსაც ევროპულ კალათბურთში მიჩვეულები არ ვართ. ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი ჩვენი შანსია, რომ ევროპაში და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებებს ვესაუბროთ. განსაკუთრებით ბრაზილიას გამოვარჩევდით, რომელთან შეხვედრის შემთხვევაშიც გამოჩნდება ჩვენი ძალა.“

გუნდის გადახალისებაზე: “იცვლებიან მოთამაშეები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდნენ და ქვეყანას საუკეთესო კუთხით წარმოაჩენდნენ. ისინი ჩვენთან აღარ არიან და ჩვენ ახალ სახეებს ვეძებთ.“

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი 2-დან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასპინძელი ლატვიის გარდა, საქართველოს ნაკრების მეტოქე ფილიპინები იქნება.

0.117533