საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი, რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთის კლუბ „ლეიმა კორუნიაში“ გააგრძელებს, სადაც კიდევ ერთი ქართველი, ბექა ბურჯანაძე თამაშობს.
ანდრონიკაშვილი ბოლოს ასევე ესპანური „სარაგოსას“ ღირსებას იცავდა, თუმცა ახალ გუნდში გამართულ პირველივე თამაშში მან მძიმე ტრავმა მიიღო და მხოლოდ 8 თამაშის ჩატარება მოასწრო, სადაც 2.1 ქულას და 1.3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
„ლეიმა კორუნია“ გასულ სეზონში ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში, LEB oro-ში თამაშობდა, სადაც 61 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და რანგით პირველ დივიზიონში, ლიგა ენდესაში აღზევდა, სადაც ასევე საქართველოს ნაკრების წევრის, გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ თამაშობს.
ამჟამად რატი ანდრონიკაშვილი საქართველოსთან ერთად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. რატიმ 3 დღის წინ იტალიასთან გამართულ ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. ანდრონიკაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად მომდევნო მატჩს დღეს, კამერუნის წინააღმდეგ ჩაატარებს.