უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბარნაბას ვარგა გონზეა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„ფერენცვაროშის“ ფორვარდი ევრო 2024-ზე შოტლანდიასთან გამართული მატჩის 68-ე წუთზე მეტოქის მეკარეს, ანგუს განს შეეჯახა და მოედანზე დაცემის შედეგად გონება დაკარგა. მინდორზე სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები გამოვიდნენ, რომელთაც საკაცის გამოტანაში ვარგას თანაგუნდელი, დომინიკ სობოსლაიც დაეხმარა. თავდამსხმელი სწორედ საკაცით და ჩამოფარებული ზეწრების თანხლებით გაიყვანეს მოედნიდან და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ცოტა ხნის წინ უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, ვარგა გონზეა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ კი განაცხადა, რომ ბარნაბასს ყბის ძვალის მოტეხილობა დაუდგინდა, რის გამოც ოპერაცია ესაჭიროება.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის ნაკრებმა შოტლანდიის დამარცხება მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-10 წუთზე შეძლო, რითაც ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და იმის გასარკვევად, მოახერხებს თუ არა 1/8 ფინალში კვალიფიცირებას, სხვა გუნდების შედეგებს დაელოდება.