ფეხბურთი

19:42 | 23.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

რა შანსები აქვს საქართველოს? იდეალური და ყველაზე ცუდი ვარიანტები

ევრო 2024-ზე დღეს ბოლო ტური აიღებს სტარტს, საქართველოს ნაკრებს კი, 1 ქულის მიუხედავად, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები მაინც აქვს დარჩენილი.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ წინ კიდევ ძალიან ბევრი შეხვედრაა გასამართი და ეს გამოთვლები მხოლოდ თეორიულ დატვირთვას ატარებს, რომელიც შეიძლება დღესვე დასამარდეს, მაინც საინტერესო იქნება განვიხილოთ საქართველოს ნაკრების მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირებისთვის იდეალური და ყველაზე ცუდი ვარიანტები.

იდეალურ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან 2 ქულითაც შეუძლია გასვლა, რაც მართლაც იდეალური იქნება, რადგან პორტუგალიასთან დაპირისპირებაში შედარებით მარტივია ფრეზე თამაში, ვიდრე მოედანზე მოსაგებად გასვლა.

ამ სცენარის მისაღებად:
1. პირველ რიგში საჭიროა დღევანდელ შეხვედრაში შოტლანდიისა და უნგრეთის ნაკრებებმა ერთმანეთში ფრედ ითამაშონ. უნგრეთს 1 ქულა ექნება, შოტლანდიას 2, თუმცა ბურთების შეფარდება -4, რომელიც საქართველოს -2_ზე უარესი იქნება და ერთი კონკურენტი ჩამოგვშორდება.
2. ამის შემდეგ, ხვალინდელ თამაშებშიც გვჭირდება გამართლება. B ჯგუფის შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა ალბანეთს უნდა სძლიოს, რაც სულაც არაა შეუძლებელი და ხორვატიის ნაკრებმა ვერ უნდა შეძლოს იტალიის დამარცხება. ამ შემთხვევაში, ალბანეთს დარჩება 1 ქულა, ხორვატიას კი ფრის შემთხვევაშიც კი 2 ქულა გაუხდება და ბურთების შეფარდება -3 ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისიც ჩვენზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.
3. თუ საქმე მართლაც აქამდე მივიდა, ორი კონკურენტი ჩამოცილებული გვეყოლება, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი თავის გარდა, ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩშიც დაგვჭირდება გამართლება. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან მატჩში შეძლებს თუნდაც 1 ქულის აღებას, პარალელურ შეხვედრაში დაგვჭირდება თურქეთის მიერ ჩეხეთის ნაკრების დამარცხება, რის შედეგადაც, ჩეხეთის ნაკრებს დარჩება 1 ქულა და საქართველოს ნაკრები 2 ქულით და -2 ბურთების შეფარდებითაც შეძლებს მომდევნო ეტაპზე გასვლას.

ეს მართლაც იდეალური ვარიანტია, რომლის მოხდენის შანსიც არც ისე დიდია, თუმცა განხილვად მაინც ღირს.

ახლა შევეხოთ ჩვენი ნაკრებისთვის ყველაზე ცუდ ვარიანტს, რომლის დროსაც შესაძლოა საქართველოს ნაკრები 4 ქულითაც კი ჩარჩეს ჯგუფში, თუმცა ეს კიდევ უფრო შეუძლებელია, ვიდრე წინა განხილული სქემა.

ამ შემთხვევის განსახილველად ძალიან ბევრი თუ-ს გამოყენება მოგვიწევს და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენბურთიანი სხვაობით მოახერხებს საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან გამარჯვებას, თუმცა რამდენიმე შეხვედრაში მეტოქეებისთვის სასურველი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, შესაძლებელია ისიც, რომ ჩვენს გუნდს 4 ქულაც არ ეყოს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.

ასე რომ, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით შევხედოთ, მოხდება ამ ორი განხილული შემთხვევიდან რომელიმე, თუ კიდევ სხვა გამოთვლების განხორციელება მოგვიწევს იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დავუტოვოთ.

0.112096