ფეხბურთი

21:56 | 22.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიის ნაკრებმა თურქეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა

დღის მეორე მატჩი ჩვენს ჯგუფში გაიმართა, სადაც საქართველოს მომავალმა მეტოქემ, პორტუგალიის ნაკრებმა თურქეთი დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა.

შეხვედრა პორტუგალიელთა აქტიურობით დაიწყო, თუმცა პირველი შანსი თურქეთს ჰქონდა საწყის წუთებზე, როდესაც ქერემ აქთურქოღლუმ ვერ შეძლო კარში ზუსტად დარტყმა.

ანგარიში 22-ე წუთზე ბერნარდუ სილვამ გახსნა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან მენდეშის ჩაწოდებულს ფეხი ზუსტად დაუხვედრა - 0:1.

თურქეთის ნაკრები გაშვებული გოლის შემდეგ ძალიან აირია და 29-ე წუთზე კურიოზული გოლიც გაუშვა. აქაიდინმა თავის აუწევლად გაუკეთა პასი საკუთარ მეკარეს, რომელსაც კარი უკვე დატოვებული ჰქონდა, რის გამოც ბურთი თურქეთის კარში აღმოჩნდა და პორტუგალიის უპირატესობა ორამდე გაიზარდა - 0:2.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 39-ე წუთზე რაფაელ ლეაომ ამ ტურნირზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ის საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს.

მეორე ტაიმიც პორტუგალიელთა უპირატესობით წარიმართა და უკვე 56-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუ და ბრუნო ფერნანდეში მეკარესთან 2-1_ზე დარჩნენ. „ალ ნასრის“ შემტევმა ბრუნოს მარტივი გადაცემა დაუგორა და ამ უკანასკნელმაც ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 0:3.



70-ე წუთზე მოედანზე თურქების ლიდერი, არდა გიულერი გამოჩნდა, რომელმაც მათი თამაში შედარებით გამოაცოცხლა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე თითქმის არ მისულა.

საბოლოო ჯამში, პორტუგალიის ნაკრებმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა. ბოლო ტურის მატჩი პორტუგალიასა და საქართველოს შორის, ისევე როგორც ჩეხეთსა და თურქეთს შორის 26 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება.

თურქეთი 0:3 პორტუგალია

ბ. სილვა (21), აქაიდინი (ავტოგოლი) (28), ფერნანდეში (56)

სიგნალ იდუნა პარკი - დორტმუნდი
მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

თურქეთი (4-2-3-1): ბაინდირი - ჩელიკი, აქაიდინი (დემირალი - 75), ბარდაკჩი, ქადიოღლუ - ჩალჰანოღლუ, აიჰანი (იუქშეკი - 58) - აკგიუნი (გიულერი - 70), კოკჩუ (იაზიჩი - 46), აქთურქოღლუ (ილდიზი - 58) - ილმაზი.

მთავარი მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა (იტალია).

პორტუგალია (4-3-3): კოშტა - კანსელუ (სემედუ - 68), პეპე (ა. სილვა - 83), დიაში, მენდეში - ვიტინია (ჟ. ნევეში - 88), პალინია (რ. ნევეში - 46), ფერნანდეში - ლეაო (ნეტუ - 46), ბ. სილვა, რონალდუ.

მთავარი მწვრთნელი: რობერტო მარტინესი (პორტუგალია).

F ჯგუფი
პორტუგალია 2 0 0 6 5/1 1
თურქეთი 1 0 1 3 3/4 2
ჩეხეთი 0 1 1 1 2/3 3
საქართველო 0 1 1 1 2/4 4
0.130928