ფეხბურთი

21:52 | 21.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილი: "ეს არ იქნება ბრძოლის ველი, მოედანზე სიამოვნება უნდა მივიღოთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოედანზე სიამოვნების მისაღებად უნდა გავიდნენ.

„რადგან აქ ვართ, ეს ნიშნავს, რომ თამაშისთვის მზად ვართ. ვიცით, რომ ყველა გუნდი ჩვენს წინააღმდეგ შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ჩვენც ვეცდებით ისე ვითამაშოთ, როგორც ყოველთვის ვთამაშობთ. ვეცდებით, ვიბრძოლოთ, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ.

ფეხბურთი ომს აჩერებს, ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი, გვაქვს შანსი ვითამაშოთ ასეთ დონეზე, რაც საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება. ვფიქრობ, რომ ყველა ქართველი ბედნიერია და დროა თამაშზე ვიფიქროთ, იმაზე, რაც ხვალ გველოდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველმა გულშემატკივარმა თავი ამაყად იგრძნოს.

რასაკვირველია, რთული თამაში იქნება, მაგრამ მზად ვართ. აქამდე მოვედით შრომით, თავდაჯერებით, ყოველდღიური ვარჯიშით და ყოველდღიური ფიქრით, იგივეს გავაგრძელებთ ხვალ. ჩემი აზრით ხვალ არ გავდივარ ბრძოლის ველზე, არამედ ამ ყველაფრით უნდა ვისიამოვნოთ, როდესაც ადამიანი საქმიდან სიამოვნებას იღებს, ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე გამოსდის და ჩემი ერთ-ერთი დანიშნულებაც ეს იქნება, რომ მოედანზე ვისიამოვნო და დავეხმარო თანაგუნდელებს, რაშიც ჩემი დახმარება დასჭირდებათ.

მწვრთნელს დავეთანხმები: მხოლოდ შედეგისთვის არ ვთამაშობთ. მთავარია მოედანზე გავიდეთ და მაქსიმუმი გავიღოთ, რაც შეგვიძლია. ვნახოთ, რა შედეგი იქნება, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ.

შორიდან დარტყმები ჩვენც შეგვიძლია, ჩვენც ვემზადებით. მე მაგალითად, ყოველდღე ვცდილობ ეს დავხვეწო არა მარტო მოედანზე, არამედ მის მიღმაც. თუ იქნება დარტყმის შესაძლებლობა, ვეცდები, რომ გოლი გავიტანო. სიმართლე გითხართ, დიდად არ მიყვარს ჩემი მეტოქეების თამაშის ყურება, საწყის 5-10 წუთში ვცდილობ დავაკვირდე მოედანზე და გავიგო რას წარმოადგენს, რომ შემდეგ ორთაბრძოლებში გამარჯვებული მე გამოვიდე“, - თქვა ქოჩორაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებთა მატჩი 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე ჰამბურგში გაიმართება.

WORLDSPORT.GE ჰამბურგიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

0.114026