ფეხბურთი

21:57 | 21.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრიამ პრინციპულ დაპირისპირებაში პოლონეთი დაამარცხა

დღევანდელი დღის მეორე მატჩში ერთმანეთს D ჯგუფის გუნდები, პოლონეთი და ავსტრია დაუპირისპირდნენ, რომელიც ავსტრიელთა გამარჯვებით - 3:1 დასრულდა.

ავსტრიის ნაკრებმა მატჩი ძალიან აქტიურად დაიწყო და უკვე მე-9 წუთზე მვენეს მიერ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, გერნოტ ტრაუნერმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა - 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ, პოლონეთის ნაკრები ცოტა დაბნეულად გამოიყურებოდა, თუმცა მალევე მოახერხეს თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა და გააქტიურება. 30-ე წუთზე ავსტრიის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ყველაზე კარგად კშიშტოფ პიონტეკმა ისარგებლა და ზუსტი დარტყმით ანგარიშიც გაათანაბრა - 1:1.



მატჩის 39-ე წუთზე კარგი შანსი ჰქონდა მარსელ ზაბიცერსაც, თუმცა მისი ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმული იან ბედნარეკმა დაბლოკა და პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმი ავსტრიელთა მცირე უპირატესობით დაიწყო, თუმცა პირველ 15 წუთში რეალური მომენტი არცერთ გუნდს შექმნია.

მე-60 წუთზე პოლონელთა მხარეს მოედანზე რობერტ ლევანდოვსკი გამოვიდა, რითაც გუნდი მეტად უნდა გააქტიურებულიყო, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა.

66-ე წუთზე პოლონელთა ნახევარდაცვა ჩავარდა. ბურთი მარცხენა ფლანგზე პრასს მიუვიდა, რომელმაც კრისტოფ ბაუმგარტნერს უპასა, ამ უკანასკნელმაც ბურთი ძალიან მარტივად მიიღო, დაამუშავა და უზუსტესი დარტყმით ავსტრია კვლავ დააწინაურა - 1:2.



77-ე წუთზე არნაუტოვიჩის პასის შემდეგ მარსელ ზაბიცერი მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა, მოატყუა კიდეც ის და შესნის მხოლოდ ისღა დარჩენოდა, ავსტრიელი წაექცია. პენალტი მარკო არნაუტოვიჩმა ზუსტად შეასრულა და ავსტრიის ნაკრები კომფორტული უპირატესობით დააწინაურა 1:3.

პოლონეთის ნაკრები მესამე გოლის შემდეგ საერთოდ მოიშალა. ჯერ პოშს ჰქონდა შორიდან გოლის გატანის შანსი, თუმცა მას შესნიმ აჯობა. 85-ე წუთზე პოლონელთა მეკარე კონრად ლაიმერმაც მოატყუა, თუმცა მახვილი კუთხიდან ზუსტად დარტყმა ვეღარ მოახერხა.

საბოლოო ჯამში, შეხვედრა ავსტრიის გამარჯვებით დასრულდა და რალფ რანგნიკის გუნდმა ბოლო ტურში, ნიდერლანდებთან გასამართი მატჩის წინ, მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. დღევანდელი დღის ბოლო მატჩში ერთმანეთს ნიდერლანდები და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან, ამ ჯგუფის ბოლო ტურის მატჩები კი 25 ივნისს გაიმართება.

პოლონეთი 1:3 ავსტრია
პიონტეკი (30) - ტრაუნერი (9), ბაუმგარტნერი (66), არნაუტოვიჩი (78)

ოლიმპიაშტადიონი - ბერლინი
მსაჯი: ჰალილ უმუთ მელერი (თურქეთი)

პოლონეთი (3-4-1-2): შესნი - ბედნარეკი, დავიდოვიჩი, კივიორი - ფრანკოვსკი, პიოტროვსკი (მოდერი - 46), შლიზი (გროსიცკი - 75), ჟალევსკი - ჟელინსკი (ურბანსკი -87) - ბუკსა (ლევანდოვსკი - 60), პიონტეკი (შვიდერსკი - 60).

მთავარი მწვრთნელი: მიხალ პრობიერჟი (პოლონეთი).

ავსტრია (4-2-3-1): პენცი - პოში, ლაინჰარტი, ტრაუნერი (დანზო - 59), მვენე (პრასი - 63) - გრილიჩი (ვიმერი - 46), ზაივალდი - ლაიმერი, ბაუმგარტნერი (შმიდი - 81), ზაბიცერი - არნაუტოვიჩი (გრეგორიჩი - 81).

მთავარი მწვრთნელი: რალფ რანგნიკი (გერმანია).

D ჯგუფი
საფრანგეთი 1 0 0 3 1/0 1
ნიდერლანდები 1 0 0 3 2/1 2
ავსტრია 1 0 1 3 3/2 3
პოლონეთი 0 0 2 0 2/5 4
0.129655