ფეხბურთი

18:35 | 21.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ჰამბურგში გაემგზავრა: გუნდის ბოლო ვარჯიში ჩეხეთთან მატჩამდე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის მეორე ტურში ჩეხეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა.

გუნდი საწვრთნელი პროცესის შემდეგ მატარებლით ჰამბურგში გაემგზავრა, სადაც ჩეხეთის წინააღმდეგ მატჩი გაიმართება. კომენტარი გააკეთეს ნაკრების ფეხბურთელებმა სანდრო ალთუნაშვილმა და ჯიმი ტაბიძემ, ასევე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

სანდრო ალთუნაშვილი: “მთელი გუნდი მეორე შეხვედრისთვის სრული კონცენტრაციით ვემზადებით, იმიტომ, რომ ვიცით, თუ რა მნიშვნელობის თამაში არის. პირველი მატჩიდან გამომდინარე გვაქვს ჩვენი თავის რწმენა და გვინდა, რომ გავიმარჯვოთ, ჩვენც გავიხაროთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები. დებიუტანტები ვართ, მაგრამ ყველამ ნახა პირველ მატჩში როგორ კარგად ვითამაშეთ. იყო მომენტები, როცა არ გაგვიმართლა, მაგრამ მგონია, რომ მეორე შეხვედრაში გაგვიმართლებს და გავიმარჯვებთ”.

ჯიმი ტაბიძე: “რთული თამაშის მოლოდინში ვართ ყველა, მაგრამ ისეთ ტურნირზე ვართ, აქ შეუძლებელია მარტივი თამაში გქონდეს. ჩემი აზრით, გუნდი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად 100%-ით მზადაა. ყველა ფეხბურთელი ყველაფერს გააკეთებს დადებითი შედეგისთვის. დიდი მადლობა გულშემატკივარს, მთელი საქართველო ჩვენს გვერდითაა და ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა”.

ალექსანდრე იაშვილი: “ვემზადებით თამაშისთვის, ბიჭები მზად არიან. სამწუხაროა, რომ ოთარ კიტეიშვილი ჯერ არ არის მზად, სამედიცინო სტაფი ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება და იმედი გვაქვს, რომ პორტუგალიასთან ითამაშებს. ჩეხეთი რთული მეტოქეა, პორტუგალიასთან მათ კარგად ითამაშეს, პორტუგალიას გაუჭირდა, მაგრამ ჩვენი მიზანია წარმატების მიღწევა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებთა მატჩი 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე ჰამბურგში გაიმართება.

0.120857