დღევანდელი სათამაშო დღე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩით დაიხურა, რომელშიც ესპანეთის ნაკრებმა დიდი უპირატესობის მიუხედავად, მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა იტალია და ჯგუფიდან გავიდა.
შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე, ნიკო უილიამსის ჩაწოდების შემდეგ, პედრის ჰქონდა შანსი თავით გოლის გატანის, თუმცა მისი დარტყმული დონარუმამ მოიგერია. ძალიან მალე, მე-10 წუთზე უკვე თავად ნიკოს ჰქონდა შანსი თავით გაეტანა, თუმცა მიზანს ვერც მისმა დარტყმამ უწია.
ესპანეთის ნაკრები მთელი ტაიმის განმავლობაში მაღალ ტემპში უტევდა და 25-ე წუთზე ფაბიან რუისმა გაისროლა შორიდან, თუმცა მისი დარტყმაც დონარუმამ მოიგერია. ამის შემდეგ, პირველ ნახევარში ბევრი მომენტი აღარ ყოფილა და გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ.
მეორე ტაიმი კვლავ ესპანეთის აქტიურობით დაიწყო და 55-ე წუთზე, კვლავ ნიკო უილიამსის ჩაწოდების შედეგად ბურთს მიმართულება ალვარო მორატამ შეუცვალა. მისი დარტყმული დონარუმამ მოიგერია თუმცა ბურთი რიკარდო კალაფიორის მოხვდა და იტალიელთა კარში შევარდა - 1:0.
ძალიან აქტიურ უილიამსს თავისი გოლის გატანაც შეეძლო, როდესაც 71-ე წუთზე მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა.
იტალიის ნაკრები შეტევების ორგანიზებას ვერაფრით ახერხებდა. გუნდმა პირველი კუთხური მხოლოდ და მხოლოდ 85-ე წუთზე მოაწოდა და პირველი ზუსტი დარტყმაც მაშინ განახორციელა, თუმცა ნაკლებად სახიფათო.
ამ მატჩს დრამატული ფინიში არ ჰქონია. პირიქით, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში აიოსე პერესს ჰქონდა ორი კარგი შანსი, თუმცა დონარუმა კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო. და საბოლოოდ, მატჩი ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა. ამრიგად, „ფურია როხამ“ ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა და ბოლო ტურში, ალბანეთთან შედარებით მშვიდად ითამაშებს. იტალიას კი ხორვატიის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა მოუწევს. ორივე ეს შეხვედრა 24 ივნისს გაიმართება.
ესპანეთი 1:0 იტალია
კალაფიორი (ავტოგოლი) (55)
არენა აუფშალკე - გელზენკირხენი
მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)
ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, კუკურელია - პედრი (ბაენა - 71), როდრი, ფაბიან რუისი (მერინო - 90+4) - იამალი (ტორესი - 71), ნიკო უილიამსი (პერესი - 78), მორატა (ოიარსაბალი - 78).
მთავარი მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე.
იტალია (4-2-3-1): დონარუმა - დი ლორენცო, ბასტონი, კალაფიორი, დიმარკო - ჟორჟინიო (კრისტანტე - 46), ბარელა - ფრატეზი (კამბიასო - 46), პელეგრინი (რასპადორი - 82), კიეზა (ძაკანი - 64) - სკამაკა (რეტეგი - 64).
მთავარი მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი.
B ჯგუფი | მ | ფ | წ | ქ | ბ | ა |
ესპანეთი | 2 | 0 | 0 | 6 | 4/0 | 1 |
იტალია | 1 | 0 | 1 | 3 | 2/2 | 2 |
ალბანეთი | 0 | 1 | 1 | 1 | 3/4 | 3 |
ხორვატია | 0 | 1 | 1 | 1 | 2/5 | 4 |