ფეხბურთი

11:12 | 20.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გერმანია: ბოლო ევრო ადიდასით

ქაცვები მოარგე, ადი! ანუ ერთი კაცის ამბავი, რომლის გამოგონებამ სამყარო გააოცა

გერმანია - უნგრეთის მატჩს ხანგრძლივი ისტორია აქვს. თუმცა, უბრალოდ ისტორიაც არა: ბევრი გერმანელისთვის ტელე და რადიოკომენტატორ ჰერბერტ ციმერმანის მიერ 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი მატჩის ფინალური სასტვენისას წამოძახებული Aus, aus, aus! – Das Spiel ist aus! – Deutschland ist Weltmeister (დამთავრდა, დამთავრდა, თამაში დამთავრდა! - გერმანია მსოფლიო ჩემპიონია) მოდერნული, არამილიტარისტული და ლაღი გერმანიის დაბადების მაუწყებლად მიიჩნევა. ოღონდ, იმ მითურ, „ვანკდორფის საოცრებად“ მონათლულ მატჩს, სადაც დასავლეთ გერმანიის ნაკრებმა მანამდე უძლეველი უნგრეთის „ოქროს გუნდი“ დაამარცხა ანგარიშით 3:2, კონკრეტული გმირები ჰყავს - მთავარი მწვრთნელი ზეპ ჰერბერგერი, გუნდის კაპიტანი ფრიც ვალტერი, გადამწყვეტი გოლის ავტორი ჰელმუტ რანი, მაგრამ ასევე - ფირმა „ადიდასის“ დამფუძნებელი, გერმანიაში „ეროვნულ მეწაღედ“ (Der Schuster der Nation) ცნობილი ადოლფ (ადი) დასლერი.

ჩვენში ოდესღაც, ან, მოდი ასე ვთქვათ, იმ დროს, როცა საბჭოთების მიერ ჩამოშვებული „რკინის ფარდის“ მიღმა გვიწევდა ცხოვრება, საყოველთაო დეფიციტის პირობებში „ადიდასის“ წარმოების სპორტული ფეხსაცმლის ტარება განსაკუთრებულობის, გემოვნების, ისევე როგორც მარიფათისა და ერთგვარი შეძლებულობის სიმბოლოდაც აღიქმებოდა. ოღონდ იმას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, „ფეერგეს ადიდასი“ გეცვა კაცს თუ მისი ერზაცი - ე.წ. „მოსკოვის ადიდასი“. მოსკოვის ექსპერიმენტული ნაწარმის ფაბრიკაში დამზადებულ „ადიდასს“, რომლის ლიცენზია საბჭოთებმა „ოლიმპიადა 80“-ის პერსპექტივით შეიძინეს, პრიმიტიული შესახედაობის გარდა ისეთი უხეირობაც სჭირდა, რომ ლამის პირველივე წვიმიან ამინდში მოხვედრისას ფერი გასდიოდა. ეს კი, რასაკვირველია, გამორიცხული იყო ნაღდი, დასავლეთგერმანული „ადიდასის“ ხმარებისას.

პირველხარისხოვანი სპორტული ფეხსაცმლის რეპუტაცია სამზოლიანი ლოგოს მქონე ფირმამ მოხდენილი დიზაინის მიღმა, რევოლუციური მიგნებების წყალობითაც მოიპოვა. პირველი მსოფლიო ომისშემდგომ გერმანიაში, როდესაც ქვეყანა რეპარაციებს იხდიდა და სპორტული ნაწარმის გამოსაშვებად არავის სცხელოდა, ოცი წლის მეწაღემ ადი დასლერმა უფროს ძმა რუდისთან ერთად მშობლიურ ქალაქ ჰერცოგენაურახში სპორტული ფეხსაცმლის დამზადება წამოიწყო. 1923 წელს ადიმ მისი მეგობრის, ფრიც ცელეინის სამჭედლოში საფეხბურთო ბუცებისთვის დაამზადა მანამდე არნახული ქაცვები, რომლებიც ყველაზე საძაგელ ამინდშიც, დატბორილ მინდორზე წონასწორობის შენარჩუნებასა და თავისუფლად სირბილში ეხმარებოდა მოთამაშეს.

მალევე, ადი დასლერის პროდუქციით, სპორტსმენებმა მსხვილი შეჯიბრებების მოგება დაიწყეს: 1928 წლის ამსტერდამის ოლიმპიადაზე მორბენალმა ქალმა ლინა რადკემ 800 მეტრიან დისტანციაზე გამარჯვებით პირველი ოქროს მედალი მოუტანა გერმანიას მძლეოსნობაში; 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადაზე, შავკანიანმა ამერიკელმა მძლეოსანმა ჯესი ოუენსმა, რომელსაც დასლერმა უანგაროდ დაუთმო თავისი ნაწარმი, ოთხი ოქროს მედლის მოგებით გაითქვა სახელი. ოუენსისადმი გამოჩენილი ყურადღება უთუოდ ადი დასლერის არაიდეოლოგიზირებულ ხედვაზე მიანიშნებდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ისიც და მისი ძმა რუდიც, ჯერ კიდევ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე 1933 წელს, გერმანიის ნაციონალ-სოციალისტურ მშრომელთა პარტიაში გაწევრიანდნენ, ხოლო ერთმანეთთან მიმოწერას ტრადიციული სალამ-დამშვიდობებით ამთავრებდნენ: „Heil Hitler!“. მაშ, რა საჭირო იყო ნაცისტურ პარტიაში გაწევრიანება? შესაძლოა, იმიტომ, რომ ჰიტლერელებმა ათლეტიზმი იმთავითვე პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადეს და, ბუნებრივია, სპორტულ ნაწარმსაც დიდი გასაქანი მიეცა. თუმცა, ცხადია, ნაცისტურ პარტიასთან თანამშრომლობა ძმები დასლერების ბიოგრაფიებს ლაქად გაჰყვა.

1949 წელს ადი დასლერმა თავის კომპანიას მარტივად, სახელისა და გვარის კომბინაციით „ადიდასი“ დაარქვა, ხოლო სამი წლის შემდეგ, 1600 ევროს ექვივალენტისა და ორი ბოთლი ვისკის ფასად, ფინური Karhu Sports-ისგან აწ უკვე ყველასთვის ცნობილი სამზოლიანი ლოგო შეიძინა. დასლერს საქმეები ჩინებულად მისდიოდა, მაგრამ მთავარი ამბები ჯერ კიდევ წინ იყო.

„ადი, ქაცვები!“... ვინ იცის და, დასავლეთ გერმანიის ნაკრების მწვრთნელის ზეპ ჰერბერგერის ეს წამოძახილი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაციის მიზეზადაც იქცა. 1954 წლის 4 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დღეს, შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში დილიდან გადაუღებლად წვიმდა. გერმანელთა სათადარიგო სკამზე ჰერბერგერის გვერდით ადგილი ადი დასლერს ეკავა, ხოლო მოთამაშეები მისივე ნაწარმის უკანასკნელი მოდელით (Adidas Argentina) იყვნენ ეკიპირებული. ამ ბუცების თავისებურება ის იყო, რომ ხრახნიანი ქაცვების რეგულირება ამინდის მიხედვით იყო შესაძლებელი. ამბობენ, რომ შესვენების დროს, მაშინ როცა ანგარიში ჯერ კიდევ საყაიმო იყო, ხოლო წვიმამ უმატა, მწვრთნელმა ჰერბერგერმა ტაქტიკური დარიგების შემდეგ დასლერს ჰკითხა, თუ რა ზომის ქაცვებით აგრძელებდნენ თამაშს. დასლერმა, დამძიმებული მოედნის გათვალისწინებით, ჰერბერგერს ბუცებზე კიდევ უფრო მოგრძო ქაცვების მორგება შესთავაზა. ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა კიდეც: მეორე ტაიმში უნგრელებს სულ მეტად უჭირდათ გადაადგილება, ხოლო გერმანელებს ბურთზე კონტროლის დაწესებაც და სწრაფი შეტევების წამოწყებაც თვალსაჩინოდ უმარტივდებოდათ.

საბოლოოდ გერმანიამ მოიგო ის მატჩი, 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი „ბერნის საოცრებად“ მოინათლა, ხოლო ადი დასლერი გერმანიის ეროვნული გუნდის მწვრთნელ ჰერბერგერთან და მოთამაშეებთან ერთად მატჩისშემდგომ საზეიმო ფოტოზეც ფიგურიერებდა.

დროთა განმავლობაში „ადიდასის“ რეპუტაციაც და, შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვაც სულ უფრო იზრდებოდა. 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 16 მონაწილე გუნდიდან 12 „ადიდასის“ მიერ იყო ეკიპირებული. ერთია რომ, თვით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების მოთამაშეებს ბუცები კი „ადიდასის“ ეცვათ, მაგრამ მაისურები ფირმა Erima-ს ნაწარმი იყო. „ნაციონალმანშაფტმა“ საბოლოოდ პარტნიორობა „ადიდასთან“ 1982 წელს გააფორმა, ხოლო კლუბებს შორის დასლერის ბრენდთან უწყვეტი კონტრაქტის ხანგრძლივობით წინა პოზიციებზე მიუნხენის „ბაიერნი“ (1974) და ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტი“ (1982) იმყოფებიან.

ამ ორიოდე თვის წინ გავრცელდა სიახლე, რომელმაც არასახუმარო ვნებათაღელვა გამოიწვია სრულიად გერმანიაში: 2027 წლიდან გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) პარტნიორი „ადიდასის“ პირდაპირი კონკურენტი, ამერიკული „ნაიკი“ გახდება. სამამულო მეწარმესთან კონტრაქტის გაუქმებამ სახელმწიფო დონის სკანდალის პროპორციები მიიღო: „ეროვნული გუნდის მაისური სამი ზოლის გარეშე ვერც კი წარმომიდგენია. „ადიდასი“ და შავ-წითელ-ყვითელი დროშა განუყრელი ცნებებია“, განაცხადა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა და იმავდროულად ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა. DFB-ს „მეტი პატრიოტიზმისკენ“ მოუწოდეს ასევე ჯანდაცვის მინისტრმა კარლ ლაუტერბახმა და ბავარიის ლანდის პრემიერმა მარკუს ზიუდერმა. ამ უკანასკნელის თქმით, „ის, რომ ნაკრები სამზოლიანი მაისურით უნდა თამაშობდეს, ისევე ნათელია, როგორც რომ ბურთი მრგვალია, ხოლო მატჩი 90 წუთს გრძელდება“. ადვილი წარმოსადგენია, რომ DFB-ს საიტი რიგითი გულშემატკივრების აღშფოთებული წერილებითაც დაიბომბებოდა.

თუმცა, რასაკვირველია, გერმანიაში არსებობს ხალხი, რომელიც „ნაიკის“ წინადადებაში ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს. ცნობილია, რომ ამერიკული ბრენდი ფედერაციას ყოველწლიურ 100 მილიონ ევროს სთავაზობს „ადიდასის“ 50 მილიონის სანაცვლოდ და, ფედერაციის დაპირებით, ეს თანხა სხვადასხვა სოციალურ პროგრამას, ისევე როგორც სამოყვარულო და ქალთა ფეხბურთის განვითარებას წაადგება. საკითხისადმი ფილოსოფიური მიდგომით გამოირჩა ასევე ჟურნალ „შპიგელის“ მიმომხილველი ვოლფგანგ ჰიუბელი, რომლის თქმით, „ნაკრები ადრეც გამოდიოდა უცხოური ფასადით: 1970 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ „უმბროს“ მაისურებით ვთამაშობდით. თანაც, „ადიდასია“ თუ „ნაიკი“, ეს მაისურები არა გერმანიასა და შეერთებულ შტატებში, არამედ ვიეტნამში, ინდონეზიასა და ჩინეთში იკერება“.

ადი დასლერის მშობლიურ ჰერცოგენაურახში მდებარე ქარხანას კი საქმეები კვლავაც ჩინებულად მისდის. „ადიდასის“ წარმოებაში 57 ათასი ადამიანია დასაქმებული, პროდუქცია ასზე მეტ ქვეყანაში გადის, ხოლო ბავარიული ბრენდის სახედ სხვადასხვა დროს ისეთი ხალხი იყო, როგორც მუჰამედ ალი, ზინედინ ზიდანი, დევიდ ბექემი, დერიკ როუზი, ანდაც ლიონელ მესი. მაგრამ, მათ შორის აღარ იქნებიან „ნაციონალმანშაფტის“ ფეხბურთელები. იმ გუნდის, რომლის პირველ დიდ გამარჯვებაში ადი დასლერმა თავისი არცთუ მცირე წვლილი შეიტანა.

https://www.facebook.com/profile.php?id=61560560888982

0.115889