კალათბურთი

19:40 | 19.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას შემდეგ ნაკრებს ტომასონი დაემატა, ტურძილაძე, გაფრინდაშვილი და ბაქრაძე კი გამოაკლდნენ (+VIDEO)

18 ივნისს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს დასვენების დღე ჰქონდა. დატვირთული ვარჯიშების შემდეგ ალეკსანდარ ჯიკიჩმა გუნდის წევრებს განტვირთვის საშუალება მისცა, რის შემდეგაც, 19 ივლისს სტანდარტული, ცოტა განსხვავებული ვარჯიში ჩატარდა.

სხვაობა ის გახლდათ, რომ მეტი დრო დაეთმო კალათბურთის თამაშს – 4-4-ზე და 5-5-ზე.ის კომბინაციები, რაზეც აქამდე მიდიოდა მუშაობა, თამაშის დროს კიდევ უფრო დამუშავდა და დაიხვეწა. განსხვავება იყო მოთამაშეთა რაოდენობაშიც. ნაკრებთან ამ შეკრებაზე პირველად ივარჯიშა გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელიც ნაკრებს გუშინწინ, დილას შემოუერთდა, ხოლო გუშინ, როგორც გითხარით, დასვენების დღე იყო.

ტრევიზოში დღეს, დილას ჩამოვიდა ამერიკელი ნატურალიზებული მოთამაშე, ჯო ტომასონი, რომელიც სასტუმროში იმ დროს მივიდა, როცა ნაკრების წევრები ვარჯიშზე გავიდნენ. ტომასონმა დაისვენა და შემდეგ ვარჯიშზე ვარჯიშებში სრულფასოვნად ჩაერთვება.

ერთკვირიანი იტალიური შეკრების შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობა 18-დან 15 მოთამაშემდე შეამცირა. თბილისში დღეს, დილას გამოემგზავრნენ გიორგი ტურძილაძე, გეგი ბაქრაძე და ნიკოლოზ გაფრინდაშვილი. დღეს ვერ ივარჯიშა ოთარ ფხაკაძემ, რომელსაც წინა ვარჯიშისას ცხვირი დაუზიანდა და ექიმების დასკვნას ელოდება, გააგრძელოს ვარჯიში თუ თბილისში დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ტრევიზოდან ქალაქ ტრენტოში 21 ივნისს გაემგზავრება, სადაც წვრთნის პროცესს გააგრძელებს და 23 ივნისს ამხანაგურ მატჩში იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

GBF.GE

0.120795