სიტყვა „ბედნიერების“ არსს რომ ჩავუღრმავდეთ, ეს გუშინ - 18 ივნისს მთელი გაგებით შევიგრძენი. გათენდა, თითქოს ჩვეულებრივი დღე იყო, თუმცა მნიშვნელობით არა-ჩვეულებრივი! საქართველო ევროპაში - ევროპის ჩემპიონატზე, ევროპული მენტალიტეტით!
დორტმუნდის ცენტრალური სადგურიდან სტადიონამდე გზის გავლა გულშემატკივრებთან ერთად მომიწია. სიმართლე გითხრათ, რაღაც მომენტებში მეგონა, რომ სხვა ქვეყანაში კი არა, საქართველოში ვიყავი. მაგრამ რეალობასთან რეალიზებას მალევე ვახერხებდი და გულში ვიმეორებდი „დღეს ის დღეა, მთელს მსოფლიოს პატარა საქართველოს ძალა უნდა ვაჩვენოთთქო“.
ქუჩაში დიდი ჟივილ-ხივილი იყო. ხან ქართველი, ხანაც თურქი გულშემატკივრები ერთმანეთს ქომაგობაში ეჯიბრებოდნენ. ჩემს წინ ბიჭების დიდ ჯგუფთან ერთად 3 გოგონა მიდიოდა, რამდენჯერაც თურქებმა „Turkye“ შემოუძახეს, იმდენჯერ ამ გოგოებმა უპასუხოდ არ დატოვეს და ცდილობდნენ უფრო მაღალ ტემბრში გადაეფარათ - ხან GEORGIA, ხანაც საქართველო!
ასე გავიარეთ მთელი გზა სტადიონამდე, სადაც თამაშის დაწყებამდე ჯერ კიდევ ორ საათზე მეტი დრო რჩებოდა. ვესტფალენშტადიონის“ ტრიბუნები ნელ-ნელა ივსებოდა და არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ თურქი გულშემატკივრები და წითელი ფერი სჭარბობდა. პრაქტიკულად სტუმრად ვითამაშეთ.
5 დღეა გერმანიაში ვარ, აქ ჯერ ზაფხული ვერ შევიგრძენი, არადა ივნისია. „ცა ჩამოიქცა“ - ასეთი გამოთქმაა - სწორედ ასე იყო გუშინ. თამაშის დაწყებამდე ცა ჩამოიქცა!
მედიაზონაში ყველა ადგილს თავისი მონიტორი აქვს, სადაც თამაშის, გარკვეული მომენტების თუ გამეორების ნახვა უფრო ნათლად შეგიძლია, ხშირად აჩვენებდნენ ტრიბუნის სხვადასხვა ნაწილს. ერთი კადრია - რამდენიმე ქართველი გულშემატკივარი ზის დროშებით, წინ ცარიელ ადგილებზე, სადაც ჯერ კიდევ არ იყვნენ მოსული ქომაგები, ჩვენი ქვეყნის საგულშემატკივრო ატრიბუტიკა იყო დალაგებული. საშინლად აწვიმდა და თითქოს რაღაც სევდიან განწყობას ქმნიდა, თუმცა ამინდმა რაღაც პერიოდი დაგვინდო და ცოტა ხანში წვიმამ იკლო, ტრიბუნებიც შეივსო.
სტადიონზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე თურქეთის ნაკრების მოსვლა აჩვენეს, ტრიბუნები დაინგრა. შეძახილები - Turkye!, Turkye!, Turkye! მალევე რამდენიმე ფეხბურთელი მოედანზე გავიდა და იგივე ემოცია. იმ მომენტიდან ჩასაფრებული ველოდებოდი საქართველოს ავტობუსის გამოჩენას, თუმცა რეჟისორებმა ამ მომენტის ჩვენება დიდ ეკრანებზე რატომღაც საჭიროდ არ ჩათვალეს, ანაც ტექნიკური ხარვეზი იყო. ქართველ გულშემატკივარს ეგ მომენტი გამოაპარეს.
მოედანზე პირველი გიორგი ქოჩორაშვილი და დისკვალიფიცირებული გიორგი ლორია გამოჩდნენ. ქოჩორა ეუბნებოდა, ნახე, რამდენი საქართველოს დროშაა სტადიონზეო.
მალევე მამარდა და გუგეშაშვილი სავარჯიშოდ გამოვიდნენ, ქომაგებს მიესალმნენ და გახურებას შეუდგნენ, მერე კი მთელი გუნდი გამოჩნდა და გულშემატკივრებსაც სათანადო რეაქციები ქონდა.
მე თუ მკითხავთ, რა იყო ყველაზე ემოციური მომენტი, გეტყვით: პირველი, როდესაც მოედანზე საქართველოს დროშა გაიშალა და სულ მალე ჩვენი ქვეყნის ჰიმნი მთელმა მსოფლიომ მოისმინა. მოისმინა არა რომელიმე შესარჩევ ეტაპზე, ან თუნდაც სპარინგმატჩის დაწყებამდე, არამედ უკვე „ვეშტფალენშტადიონიდან“ ოფიციალურად, როგორც ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი მონაწილე ქვეყნის სტატუსით.
სიმბოლურია ისიც, რომ ბურთი თამაშში ჩვენ შევიყვანეთ - მონიტორებზე თამაშის დაწყებამდე ბოლო 10 წამი აგვითვალეს და მიქაუტაძემ იქვე ბურთი გააგორა.
თამაშის ანალიზს არ ჩავუღრმავდები, ეს სტატია უფრო ემოციებზეა. ქართველებმა ამ ემოციების ფონზე გუშინ ბევრჯერ ვიტირეთ, ჯერ ჰიმნზე, მერე ყოველ მწვავე მომენტზე. მიქაუტაძის გოლზე, ემოციების პიკი იყო და ბოლოს, როდესაც საბოლოოდ დავმარცხდით, მაგრამ აქ მხოლოდ პირველი ბრძოლა წავაგეთ, დასრულებული ჯერ არაფერია.
ვინმე წარმოიდგენდა თურქი ქომაგების დადუმებას? ეს მიქაუტაძის გოლის შემდეგ მოხდა და სანამ ანგარიშში წინ არ გავიდნენ, დადუმებული იყვნენ. ალბათ ამ სცენარს ვერავინ წარმოიდგენდა.
საოცარია ის გამოხმაურებაც, რასაც უცხოელი გულშემატკივრები წერენ სხვადასხვა სოციალურ ქსელში. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ეს ევრო 2024-ის საუკეთესო თამაში იყო!
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რამხელა ძალა აქვს ფეხბურთს, სწორედ ამ თამაშმა გაგვაერთიანა 26 მარტს და 18 ივნისსაც. წინ ბევრი ასეთი დღე გველის, მაგრამ ახლა მთავარია მობილიზება ჩეხეთთან მატჩისთვის მოვახდინოთ.
ეს ჩვენი ისტორიაა, რომელიც დავწერეთ და კიდევ ბევრჯერ გადავწერთ. ჩვენმა ბრძოლამ კი მთელს მსოფლიოს დაანახა, რომ ხელწამოსაკრავი და უბრალოდ მონაწილეობისთვის ჩამოსული გუნდი არ ვართ, ფეხბურთელებიც ხშირად აჟღერებენ ამ მესიჯებს, რომ გერმანიაში არ არიან ჩამოსული, როგორც ტურისტები და გუშინდელი თამაში ამის ნათელი მაგალითი იყო.
და კიდევ, ეს ჩვენი ისტორიაა, სადაც მხოლოდ ანგარიშში წავაგეთ.
წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გველის!
WORLDSPORT.GE დორტმუნდიდან
ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია