ფეხბურთი

21:59 | 17.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუს ორი გაუუქმეს, ბევრი გააფუჭა და ბელგია სლოვაკეთთან დამარცხდა

E ჯგუფის პირველი ტურის მეორე მატჩში ბელგიასა და სლოვაკეთს შორის გაიმართა, სადაც ტურნირის პირველი სენსაცია დაფიქსირდა - სლოვაკეთის ნაკრებმა ბელგია დაამარცხა.

დასაწყისისთვის აუცილებლად უნდა ვთქვათ ის, რომ ამ შეხვედრას გასულ სეზონში საკმაოდ გახმაურებული და სკანდალური შეხვედრის მსაჯი - ჰალილ უმუთ მელერი უძღვებოდა. მელერი ის მსაჯია, რომელსაც „ანკარაგუჯუს“ პრეზიდენტმა, ფარუქ ქოჯამ სცემა, რის გამოც მას გარკვეული პერიოდის გატარება საავადმყოფოში მოუწია, თუმცა დაბრუნდა და ევროპის ჩემპიონატზე მსაჯობის უფლებაც მიიღო.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ის ბელგიელთა და კონკრეტულად, ჟერემი დოკუს აქტიურობით დაიწყო. „მანჩესტერ სიტის“ ფლანგელმა ორი შანსი შეუქმნა რომელუ ლუკაკუს, თუმცა ამ უკანასკნელმა ვერცერთი მომენტი გამოიყენა. სამაგიეროდ, მშვენივრად შეირგო საჩუქარი სლოვაკეთის ნაკრებმა, როდესაც მე-7 წუთზე სწორედ დოკუს მიერ გაკეთებული არაზუსტი პასის შემდეგ ივან შრანცმა ანგარიში გახსნა - 0:1.



პირველ ტაიმში ლუკაკუს კიდევ ერთი მომენტი შეექმნა, თუმცა ფორვარდმა კვლავ ვერ შეძლო საკუთარი შანსის გამოყენება. სამაგიეროდ, კასტეელსს მოუწია გუნდის გადარჩენა ერთ მომენტში, როდესაც ჰარასლინის დარტყმული მოიგერია.

სამაგიეროდ, მეორე ტაიმში აღარ გააცუდა მომენტი ლუკაკუმ, როდესაც ჩაწოდების შემდეგ, ონანას მიერ თავით გაკეთებულ გადაცემას გამოეხმაურა, თუმცა ნახევრად ავტომატიზირებულმა თამაშგარის სისტემამ ეს გოლი ბელგიას გაუუქმა.

თავის გოლი რომელუმ მაინც გაიტანა... და რა საკვირველია, რომ ისიც არ ჩაითვალა - დღეს ლუკაკუს დღე ნამდვილად არ იყო. მატჩის 86-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა ლოის ოპენდამ მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი და საჯარიმოში გააკეთა გადაცემა, რომელსაც 10-იანი ზუსტად გამოეხმაურა, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ოპენდას ბურთი ხელზე მოხვდა და ეს გოლიც გაუქმდა.

საბოლოოდ, ტურნირზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა - ბელგია სლოვაკეთთან დამარცხდა. მომდევნო ტურში სლოვაკეთი უკრაინას 21 ივნისს დაუპირისპირდება, ბელგიისა და რუმინეთის მატჩი კი 22 ივნისს შედგება.

ბელგია 0:1 სლოვაკეთი

შრანცი (7)

დოიჩე ბანკ პარკი - ფრანკფურტი
მსაჯი: ჰალილ უმუთ მელერი (თურქეთი)

ბელგია (4-2-3-1): კასტელსი - კასტანი, ფაესი, დებასტი, კარასკო (ლუკებაკიო -84) - მანგალა (ბაკაიოკო - 58), ონანა - ტროსარი (ტილემანსი - 74), დე ბრუინი, დოკუ (ოპენდა - 84) - ლუკაკუ.

სლოვაკეთი (4-3-3):
დუბრავკა - პეკარიკი, ვავრო, შკრინიარი, ჰანცკო - კუცკა, ლობოტკა, დუდა (ობერტი 90+4) - შრანცი (დურისი - 81), ჰარასლინი (სუსლოვი - 70), ბოჟენიკი (სტრელეცი - 70).

E ჯგუფი
რუმინეთი 1 0 0 3 3/0 1
სლოვაკეთი 1 0 0 3 1/0 2
ბელგია 0 0 1 0 0/1 3
უკრაინა 0 0 1 0 0/3 4
0.131332