ევრო-2024-თან დაკავშირებით, ბრიტანულ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია თავის ქვეყანაზე, ნაკრებზე, გულშემატკივარზე, ოჯახსა და საკუთარ თავზე საუბრობს.
კარგი, მოდი ასეთი რამე ვცადოთ.
კითხე ნებისმიერ ქართველს, ვინ მოიგებს ევროპის ჩემპიონატს.
ჩვეულებრივ, გამვლელ ქართველს. პატარა ბავშვს, მაღაზიის გამყიდველს… არ აქვს მნიშვნელობა.
კითხე! იცით რა მოხდება?
ჯერ, სანამ გიპასუხებენ … შეგხედავენ. ეს ნეტა გიჟი ხო არააო?
ვინ მოიგებსო??
„საქართველო მოიგებს ევროპის ჩემპიონატს. რა თქმა უნდა.“ რა თქმა უნდა.„
მოგაშტერდებიან ასეთი კითხვის დასმისთვის: დებილი ხომ არ ხარ?
„საქართველო თუ არა - ვინ მოიგებს?!?!?!“
„სულელი ხარ. ძალიან სულელი.“
ზოგი ამბობს: „ეს ხომ პირველად გადიხართ ევროპის ჩემპიონატზე“
არა უშავს! არ აქვს მნიშვნელობა!
„საქართველო მოიგებს!“ ასე გიპასუხებს მოხუცებული ქალბატონი.
ქართველები ასეთები არიან. ყველაფერში.
იცი, რომელია საუკეთესო სამზარეულო?
ესპანური? იტალიური? იაპონური? ჰაჰაჰაჰა.
ქართული!!!!!
საუკეთესო მუსიკა?
ქართული!!!!
მართლა, არ ვიცი რატომაა ასე. ალბათ უფლისგან მოდის. თითქოს ასეთებად ვიბადებით. საქართველოში ყველაფერი საუკეთესოა.
მეც ასე ვამბობ.
ასე რომ, ჩემთვის… რა თქმა უნდა ხინკალი საუკეთესო კერძია და რა თქმა უნდა შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება. მე არ გამოვრიცხავ!
ახლა ჩემი აქ ყოფნა გამაოგნებელია. დიდი არ ვარ, ჯერ მხოლოდ 23 წლის ვარ, მაგრამ ბევრი ღელვა გამოვიარე – ცხოვრებაში, ფეხბურთში. სერიოზული რბოლა, ნამდვილი ამერიკული მთები, თუ რა ქვია იმ ატრაქციონს? Roller coaster. ასეთია ჩემი ცხოვრება.
მოგიყვები.
პატარა რომ ვიყავი, ზაფხულში, როდესაც სკოლა არ იყო, ყოველ დღე გავდიოდით გარეთ ფეხუბურთის სათამაშოდ. ბავშვები ბევრნი ვიყავით. პატარა ტურნირებს ვაწყობდით. ოთხი კორპუსი იყო და ცენტრში გვქონდა “სტადიონი„ ოღონდ ცემენტის. მოგვიანებით, ტორფი გვეღირსა, მაგრამ თავიდან ცემენტზე ვთამაშობდით. სულ ახლეჩილი გვქონდა ხოლმე მუხლები, დასისხლიანებული.
და ყველაზე მაგარი იცი რა იყო? ხალხი ფანჯრებიდან გვიყურებდა, ჩვენი გულშემატკივრები იყვნენ.
ქართველებს უყვართ სპორტი, მაგრამ ფეხბურთი მაინც განსაკუთრებულად. სულ ასე იყო. რა მატჩიც არ უნდა იყოს - მაინც უყურებენ. ამხანაგური იქნება, თუ გარეთ მოთამაშე ბავშვები - არ აქვს მნიშვნელობა, მაყურებელი ყოველთვის გყავს.
ხანდახან ღამე ვთამაშობდით, როცა წესით ბავშვებს სძინავთ. ვიწყებდით ხოლმე ჩხუბს და თამაშზე კამათს და ბავშვებს ვაღვიძებდით. მშობლები გვიბრაზდებოდნენ და ეს იყო ღამის თამაშების დასასრული. ნამეტანს ვხმაურობდით და დაგვასრულებინეს ჩვენი „ჩემპიონთა ლიგა“.
მე ძალიან არ ვყვიროდი, ძირითადად მშვიდად ვიყავი. პირველი არასოდეს ვიწყებდი ჩხუბს. ზოგჯერ ამბობდნენ ეს ბიჭი მორცხვიაო (ეხლაც ასე ამბობენ), მაგრამ არ ვარ მორცხვი, უბრალოდ ყველას პატივს ვცემ.
მაგრამ. მაგრამ!!!
ჩემს მეგობრებს ან ახლობლებს თუ ეხებიან, ვმხეცდები. მენტალიტეტია ასეთი, ხომ გესმის? მე პირველი არასოდეს ვიწყებ ჩხუბს, მაგრამ შემიძლია დავასრულო. განსაკუთრებით, მეგობარი თუ მყავს გასაჭირში და უნდა დავეხმარო.
დედაჩემი ვერ იტანდა ამ ჩემს ჩვევას. სულ მეუბნებოდა „რატომ ჩხუბობ? დაწყნარდი.“
მაგრამ, ჩემს სამშობლოში მეგობარს გასაჭირში არავინ დატოვებს.
თბილისის დინამოს აკადემიაში სიარულისას მეტი ფეხბურთი და ნაკლები ჩხუბი მქონდა. სწავლება ისეა გამართული, იცი რომ შეგიძლია კარგი ფეხბურთელი გამოხვიდე. შეხედე ჩვენს ეროვნულ ნაკრებს - თითქმის ყველა მოთამაშემ ამ აკადემიაში ისწავლა.
ძნელი იყო. პირველ გუნდში ვიყავი და ჩემზე უფროსი მოთამაშეები ცოტა სხვანაირად მიყურებდნენ, თითქოს ამბობდნენ: „ეს ბიჭიღა გვაკლდა!“
მაშინ პატარა ვიყავი და არავინ მიცნობდა.
„ვინაა საერთოდ ეს ბიჭი?“ 15 წლის ვიქნებოდი… სერიოზულ მოთამაშეებთან მქონდა საქმე და ჩემი მისამართით შემთხვევით გამიგონია ნათქვამი: „ეხლა ეს ბიჭიც თამაშობს და ალბათ წავაგებთ“ ან კიდევ: „არა რა, ოღონდ ეს ბიჭი არა“.
ცოტა მეტირებოდა… ვფიქრობდი, რომ ცუდათ ვთამაშობდი და გული მტკიოდა. ასე რომ ჩემს თავს ვუთხარი: მე ამათ ნაღდათ უნდა ვანახო, რომ შემიძლია კარგად თამაში.
ჩემი მენტალიტეტი მაშინ გამაგრდა. მოტივაცია იყო ჩემთვის და მარგო.
შემდეგ რუსეთში წავედი, მოსკოვში. 17 წლის ვიყავი, თითქმის 18. პატარა ვიყავი და სულ მარტო. ჩემი მშობლები ნერვიულობდნენ, მამაჩემი განსაკუთრებით. გამიძნელდა, დიდი სტრესი იყო ოჯახის დატოვება.
ვარჯიში როცა დავიწყე, ჩემს თავს ვუთხარი: აქ რისთვის ჩამოვედი? ჩემი ოჯახის გვარი მაისურზე მაწერია, ესე იგი ჩემი ოჯახი ჩემთანაა. მათთვის უნდა ვიმუშავო, მხოლოდ ჩემთვის არა. არ მაქვს უფლება გული ავუცრუო, აუცილებლად უნდა იამაყონ ჩემით.
ასე რომ გავმაგრდი.
რუსეთში ქართველი საბა კვირკველიაც იყო და ძალიან დამეხმარა. სხვა მოთამაშეებთან ურთიერთობაში მეხმარებოდა, თავისთან ერთად მატარებდა ხანდახან და მიცავდა. თამაში როდესაც დავიწყე მწვრთნელს ძალიან მოვეწონე. დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ სერიოზული ზრდა მქონდა იმ პერიოდში - ფიზიკური, გონებრივი და პირადი.
ოღონდ მარტოსული ვიყავი. საწვრთნელ ბაზაზე ვცხოვრობდი, მეგობრები არ მყავდა. მგონი მხოლოდ მე და დაცვის ბიჭები ვიყავით. დანარჩენი მოთამაშეები სხვაგან ცხოვრობდნენ, მე სულ მარტო ვიყავი, მარტო დავდიოდი. ცოტა დამთრგუნველი ადგილი იყო. მართლა, არ ვხუმრობ! სადღაც უღრან ტყეში, გარეთ გასეირნებაც არ გამოდიოდა, იმიტომ რომ ქუჩის ძაღლები და არა მარტო ძაღლები იყო გარშემო. სულ ბაზაზე ვიყავი, არსად არ გავდიოდი, მოსკოვის ცენტრშიც კი არ წავსულვარ. არსად.
ღამე ბაზაზე შუქი არ იყო. ხანდახან ღამითაც ვვარჯიშობდი, დამატებით მინდოდა მუშაობა, თან უშუქოდ. ასეთ მომენტებში შეშინებული დაცვა მომვარდებოდა ხოლმე, სიბნელეში ვერ მცნობდნენ.
„ეი, ვინ დარბის მანდ????“
მე.
დრიბლინგი სიბნელეში.
დაცვის ბიჭი, კარგი ადამიანი იყო. სულ მეუბნებოდა „მორჩი რა, დაამთავრე.“
მაგრამ სხვა საქმე არ მქონდა, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი. ასე ღამ-ღამობით ვმუშაობდი, ყოველ ღამე.
სულ იმას ვფიქრობდი, რომ არ შემიძლია ცუდათ თამაშის გამო დავბრუნდე საქართველოში. კარგად უნდა ვითამაშო. ბევრი უნდა ვიმუშავო. ჩემი ოჯახი და ქვეყანა მიყურებს.
საქართველოს, ქართველ ხალხს მუდამ გულით ვატარებ. სამშობლოს სიყვარული ასეთია. ყველაფერს ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებ, ჩემი გულშემატკივარი ბავშვებისთვის (თუნდაც არ იყვნენ გულშემატკივრები, მაინც ქართველები არიან და მათთვის ვაკეთებ ყველაფერს).
სულ მინდა, რომ ვაამაყო.
2022 წელს უკრაინაში ომი იწყება. ომი დიდი სირცხვილია. ვფიქრობ, კაცთმკვლელობა საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მგონი მარტივია - მშვიდობა უნდა სუფევდეს. ასე რომ, როდესაც ომი დაიწყო ვიფიქრე „მე აქ ვერ გავჩერდები“, ჩემი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის გამო კლუბს გამოვუცხადე, რომ უნდა წავიდე.
გადავედი ბათუმის დინამოში, მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაში. იცი, რომელ ქვეყანას ვგულისხმობ!!
სახლში დაბრუნება მაგარი იყო. დავფრინავდი სიხარულისგან. სტადიონები სავსე იყო ხოლმე მაყურებლით. თითქოს ჩემს უბანში დავბრუნდი და ისევ ცემენტზე ვთამაშობ.
ოღონდ დასისხლიანებული მუხლები აღარ მქონდა.
ნაპოლიში გადასვლა ბადრის დამსახურებაა. ბადრი - მამაჩემია.
მარადონა მისი კერპი იყო.
მამაჩემი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. აზერბაიჯანში თამაშობდა. ბავშვობაში სულ მის ვიდეოს ვუყურებდი და ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იყო მამა.
ვინმე მესიზე ან რონალდოზე თუ ლაპარაკობდა, მე ვპასუხობდი ხოლმე, „არა, არა, არა … მამაჩემი უკეთესია.“
შვიდი ან რვა წლის ბავშვები ვიყავით და ვკამათობდით, საუკეთესო ფეხბურთელებზე. დანარჩენები ამბობდნენ „რონალდინიო არის ყველაზე მაგარი.“
მე კი სულ ვამბობდი, „არა, არა, არა, თქვენ მამაჩემი არ გინახავთ.“
ჰაჰაჰაჰა.
„მამაჩემი უკეთესია, ვიდეოს განახებთ!“
YouTube-ზე თუ მოძებნი, ბევრს არაფერს ამოაგდებს, მაგრამ მე DVD მქონდა. დედა სულ მაყურებინებდა. მამა ძალიან მაგრა ასრულებდა თავისუფალ დარტყმებს. იმდენად შთამბეჭდავი იყო, ჩემს მეგობრებს სულ ვეპატიჟებოდი ჩემთან, რომ ენახათ.
რა თქმა უნდა, როდესაც წამოვიზარდე, მეც მივხვდი, რომ რონალდინიო… ხო, შეიძლება უკეთესიც იყოს.
ოღონდ სულ ცოტათი.