ფეხბურთი

18:53 | 16.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ისევ ვეგჰორსტის გმირობით | ნიდერლანდებმა პოლონეთი დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატის მესამე დღე D ჯგუფის მატჩით გაიხსნა, რომელშიც ნიდერლანდებმა პოლონეთი 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა ნიდერლანდების ნაკრების აქტიურობით დაიწყო, თუმცა მე-16 წუთზე პიოტრ ჟელინსკის მიერ მოწოდებულ კუთხურს, ძირითად შემადგენლობაში რობერტ ლევანდოვსკის ტრავმის გამო დაყენებული ადამ ბუკსა თავით გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა - 1:0.

ნიდერლანდები გაშვებული გოლის შემდეგ გააქტიურდა და 29-ე წუთზე „ლივერპულელმა“ კოდი გაკპომ, მართალია რიკოშეტის დახმარებით, თუმცა ანგარიში მაინც გაათანაბრა - 1:1.

მეორე ნახევარში გუნდები ერთმანეთს უფრთხოდნენ, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად, ნიდერლანდელებს მსხნელად ვაუტ ვეგჰორსტი მოევლინა, რომელმაც 83-ე წუთზე უმნიშვნელოვანესი გოლის გატანა შეძლო და თავის გუნდს პირველი 3 ქულა მოაპოვებინა - 2:1.



ამრიგად, ნიდერლანდების ნაკრებმა ევრო 2024 მოგებით დაიწყო და საფრანგეთისა და ავსტრიის მატჩს დაელოდება, რომელიც ხვალ გაიმართება. პოლონეთი პირველი ქულების მოპოვებას 21 ივნისს, ავსტრიასთან მატჩში შეეცდება. ამავე დღეს გაიმართება საფრანგეთისა და ნიდერლანდების მატჩიც.

პოლონეთი 1:2 ნიდერლანდები

ბუკსა (16) - გაკპო (29), ვეგჰორსტი (83).

ვოლკსპარკშტადიონი - ჰამბურგი
მსაჯი: არტურ სოარეშ დიაში (პორტუგალია)

პოლონეთი (3-4-2-1): შესნი - ბედნარეკი, სალამონი (ბერეჟინსკი - 86), კივიორი - ფრანკოვსკი, ჟელინსკი (პიოტროვსკი - 78), რომანჩუკი (შლიზი - 55), ჟალევსკი - ურბანსკი (შვიდერსკი - 55), შიმანსკი (მოდერი - 46) - ბუკსა.

ნიდერლანდები (4-3-3):
ფერბრუგენი - დუმფრისი, დე ვრაი, ვან დაიკი, აკე (ვან დერ ვენი - 87) - სხოუტენი, რაინდერსი, ფეერმანი (ვაინალდუმი - 62) - სიმონსი (მალენი - 62), დეპაი (ფრიმპონგი - 81), გაკპო (ვეგჰორსტი - 81).


0.132057