ფეხბურთი

17:08 | 16.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთისა და საქართველოს მატჩს არგენტინელი მსაჯი მოემსახურება

UEFA-მ მომდევნო სათამაშო დღეებზე მომუშავე მსაჯების სია გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა, რომ თურქეთისა და საქართველოს მატჩს ტურნირზე ერთადერთი არაევროპელი მსაჯი, არგენტინელი ფაკუნდო ტელიო მოემსახურება.

ტელიო არგენტინის ჩემპიონატის მატჩებს 2013 წლიდან მსაჯობს, FIFA-ს ტურნირებზე კი 2019 წლიდან მუშაობს. 42 წლის რეფერიმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 3 შეხვედრა იმსაჯა, სადაც მოთამაშეებს 8 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.

ლოგიკურია, რომ ტელიოს არც საქართველოს და არც თურქეთის მატჩი არასოდეს უმსაჯია. მისი ასისტენტები ასევე არგენტინელები, ეზეკიელ ბრაილოვსკი და გაბრიელ ჩადე იქნებიან. მეოთხე მსაჯად ლიეტუველი დონატას რუმშასი იმუშავებს, ვიდეო რეფერის ოთახში კი ესპანელები, ალეხანდრო ერნანდესი და ხუან მარტინეს მუნუერა ისხდებიან.

საინტერესოა, რომ 2022 წელის არგენტინის ჩემპიონთა თასის ფინალში ფაკუნდო ტელიომ „რასინგისა“ და „ბოკა ხუნიორსის“ მატჩში მომხდარი არეულობის გამო მოთამაშეებს 10 წითელი ბარათი უჩვენა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს მატჩი 18 ივნისს, დორტმუნდში, 20:00 საათზე გაიმართება.

0.117423