ქუთაისის „ტორპედოში“ მამადუ სახო ოფიციალურად წარადგინეს. ფრანგმა ფეხბურთელმა კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში იდეის გამოა.
“ჩემთვის ეს ძალიან ემოციური მომენტია. 13 წლის ასაკში მამა დავკარგე. ბავშვობის წლები ქუჩაში, სიცივეში გავატარე. არაერთი დაბრკოლების გადალახვა მომიწია. დღევანდელ დღემდე ასე მოვედი… ვფიქრობ, რომ ჩემი ჩართულობა ახალგაზრდების ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. მე მათთვის ბევრი მაქვს სათქმელი.
დღეს ჩემი შვილიც აქ არის, ჩემთან ერთად. ჩემთვის ფინანსური მხარე მეორეხარისხოვანია. მთავარი, რის გამოც საქართველოში ჩამოვედი, ის ამბიციებია, რომელიც ამ კლუბს აქვს და ის ჩართულობაა, რომელიც ახალგაზრდების ცხოვრებაში მექნება. მე აქ იდეის გამო ვარ.
კლუბის პრეზიდენტთან, გენერალურ დირექტორთან და მთავარ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ტორპედოს დიდი ამბიციები აქვს, რაც ძალიან მომეწონა.
ფეხბურთის მეშვეობით ახალი ქვეყნისა და კულტურის გაცნობის შესაძლებლობა გაქვს. ჩემთვის საქართველოში ჩამოსვლა ახალი გამოწვევაა და გახარებული ვარ. ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო იქნება, რადგან საკმაოდ ამბიციურ კლუბში მოვედი. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იყო.
კარიერის განმავლობაში მოედანზე ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებოდი. ასე იქნება ახლაც. გულშემატკივარს მოვუწოდებ ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდნენ, რადგან მათი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - თქვა სახომ.
შეგახსენებთ, რომ მამადუ სახოს პსჟ-ში, „ლივერპულში“, „კრისტალ პალასსა“ და „მონპელიეში“ აქვს ნათამაშები, ხოლო საფრანგეთის ნაკრების წევრი 2010-2018 წლებში იყო.