Goal Italia-მ იმ ფეხბურთელების შესახებ გამოაქვეყნა სტატია, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე კარიერაში პირველად ითამაშებენ და სადებიუტო ტურნირზე კვალის დატოვება შეუძლიათ.
არაერთ ვარსკვლავს შორის გამოცემამ ხვიჩა კვარაცხელიაც შეიყვანა, რომლის შესახებ წერილში წერია:
„ტურნირის მონაწილე ერს უნდა ჰყავდეს ერთი სუპერვარსკვლავი, რომელიც მას გაუძღვება და ასეთი კაცი საქართველოსთვის ხვიჩა კვარაცხელიაა. გარემარბი, ისეთი გამანადგურებელი არ ყოფილა ამ სეზონში, როგორც „ნაპოლის“ სკუდეტოს სეზონში, მაგრამ თავისი კლუბისთვის მაინც იყო შუქურა და სურს გამოიყენოს ეს შანსი თავის ქვეყანასთან ერთად. მან დიდი გავლენა მოახდინა საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო პერიოდში და ევროპის ჩემპიონატზე გუნდის თილისმა იქნება“, - წერს Goal Italia.
კვარაცხელია გარდა, გამოცემის ვერსიით სიაში მოხვდნენ ფედერიკო დიმარკო (იტალია), ებერეჩი ეზე (ინგლისი), კრის ფიურიხი (გერმანია), ენტონი გორდონი (ინგლისი), ალექს გრიმალდო (ესპანეთი), რასმუს ჰოილუნი (დანია), ჟოაო ნევეში (პორტუგალია), კოულ პალმერი (ინგლისი), ლორენცო პელეგრინი (იტალია), ბენჟამინ შეშკო (სლოვენია), დომინიკ შობოშლაი (უნგრეთი) და ფლორიან ვირტცი (გერმანია).