საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მონტენეგროსთან მატჩის (3:1) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ევროპის ჩემპიონატზე ტურისტებად არ მიდიან და დადებითი განწყობა აქვთ.
„ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო მატჩის მოგება მნიშვნელოვანი იყო, ასევე ის, თუ როგორ ვითამაშებდით, საჭირო იყო საკუთარი თავის გამოცდა. ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის მზად ვართ და დადებითი განწყობით მივდივართ.
შეუძლებელი არაფერია, კარგი გუნდი გვყავს და ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა. მეტოქეებს არ ვუყურებთ, ყველა გუნდს პატივს ვცემთ, მაგრამ იქ თამაშების მოსაგებად მივდივართ და არა ტურისტებად, არ მგონია, რომ ჩვენთან დაპირისპირებით ვინმე მშვიდად იყოს“, - თქვა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.