ფეხბურთი

21:20 | 8.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კანავარომ „უდინეზეს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

იტალიური „უდინეზეს“ პრესსამსახურმა კლუბის მთავარი მწვრთნელის ფაბიო კანავაროს პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კლუბის დამრიგებელი წლეულს აპრილში გახდა.

„კლუბი გულწრფელ მადლობას უხდის მწვრთნელს და მის თანამშრომლებს პროფესიონალიზმისთვის და სერია A-ში ადგილის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ სინიორ კანავაროს და მის გუნდს მომავალ საქმიანობაში", - ნათქვამია კლუბის ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„უდინეზემ“ სერია A-ს სეზონი 37 ქულით მე-15 ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ კანავარო „იუვენტუსთან“ ერთად ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში კი ამდენივეჯერ მოიგო პრიმერა დივიზიონი.

2006 წელს ფაბიომ იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ის გუნდის კაპიტანი გახლდათ. მისმა გუნდმა ფინალში პენალტების სერიაში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა. იმავე წელს კანავარომ „ოქროს ბურთი“ მიიღო.

ის მუშაობდა ჩინეთში, სადაც წვრთნიდა ადგილობრივ კლუბებსა და ეროვნულ გუნდს. სპეციალისტი „გუანჯოუსთან“ ერთად ჩინეთის ჩემპიონი გახდა.

0.115099