ფეხბურთი

15:32 | 7.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალია ახლოდან: ბევრი ვარსკვლავი და ევრო 2024-ის ერთ-ერთი ფავორიტი

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 10 დღეზე ნაკლები დარჩა. კონტინენტის პირველობამდე ყოველთვის დიდი მოლოდინია, მაგრამ ახლა განსაკუთრებით, როცა ჩვენი ქვეყნის მთავარი საფეხბურთო ნაკრები იქ პირველად ითამაშებს.

საქართველო 24 ნაკრებიდან ერთადერთია, რომელიც გერმანიაში დებიუტანტის რანგში ითამაშებს.

ვილი სანიოლის გუნდს მესამე ტურის მატჩი პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ექნება, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

როგორ გავიდა პორტუგალია ევრო 2024-ზე

პორტუგალიის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი უბრალოდ უნაკლოდ, ფანტასტიკურად ჩაატარა. რობერტო მარტინესის გუნდმა სლოვაკეთთან, ლუქსემბურგთან, ისლანდიასთან, ბოსნიასთან და ლიხტანშტაინთან ქულაც არ დაკარგა! შედეგად, 10 ტურში 30 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, გაიტანა 36 გოლი და გაუშვა მხოლოდ - ორი. მართალია, ჯგუფში ლუზიტანელებს განსაკუთრებით ძლიერი მეტოქეები არ ჰყავდათ, მაგრამ ნაჩვენები შედეგი მაინც შთამბეჭდავია.

პორტუგალიას ბოლო 11 მატჩიდან 10 მოგებული აქვს, ერთადერთი გამონაკლისია 26 მარტს, ლუბლიანაში, სლოვენიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში განცდილი მარცხი - 0:2.

პორტუგალიის ნაკრების მატჩები საკვალიფიკაციო ეტაპზე:

პორტუგალია 4:0 ლიხტანშტაინი
ლუქსემბურგი 0:6 პორტუგალია
პორტუგალია 3:0 ბოსნია
ისლანდია 0:1 პორტუგალია
სლოვაკეთი 0:1 პორტუგალია
პორტუგალია 9:0 ლუქსემბურგი
პორტუგალია 3:2 სლოვაკეთი
ბოსნია 0:5 პორტუგალია
ლიხტანშტაინი 0:2 პორტუგალია
პორტუგალია 2:0 ისლანდია

პორტუგალიის ნაკრების კონტინგენტი

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაზე საუბარი ალბათ ზედმეტიცაა. გუნდს ყველა რგოლში ვარსკვლავები ჰყავს. მაგალითად, დაცვაში რუბენ დიაში, ნახევარდაცვაში ბრუნი ფერნანდეში და ბერნარდო სილვა, შეტევაში რაფაელ ლეაუ და კრიშტიანუ რონალდუ. რონალდუს ეროვნულ ნაკრებში წარმოუდგენელი სტატისტიკა აქვს - 206 მატჩი და 128 გოლი! 39 წლის ფეხბურთელი თავის მე-6 ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს! კრიშტიანუ რა თქმა უნდა, პორტუგალიის ნაკრებში რეკორდსმენია, როგორც მატჩების, ისე გოლების რაოდენობით. დღევანდელ ნაკრებში შედეგიანობით მეორე ადგილზე ბრუნო ფერნანდეშია, რომელსაც 22 გოლი აქვს გატანილი.

რობერტო მარტინესს მართლაც ძალიან დიდი არჩევანი აქვს და წესით, ძირითად შემადგენლობაზე შეჯერება მას ძალიან გაუჭირდება. რა თქმა უნდა, გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც საკვანძო ფუნქციას ასრულებენ და გარანტირებული აქვთ სასტარტოში თამაში, მაგრამ ფაქტია, რომ თითოეულ პოზიციაზე პორტუგალიის ნაკრებს ორი, მეტ-ნაკლებად თანაბარი და რაც მთავარია, მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს. სრულიად საფუძვლიანად, პორტუგალია ევრო 2024-ის მთავარ სამ ფავორიტშია ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებებთან ერთად.

მწვრთნელი - რობერტო მარტინესი

პორტუგალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად რობერტო მარტინესი 2023 წლის 9 იანვარს, მას შემდეგ დაინიშნა, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ცუდი გამოსვლის გამო ფერნანდუ სანტუშს სამსახურის დატოვება მოუწია. მარტინესის ხელმძღვანელობით პორტუგალიამ დღემდე 13 მატჩი ითამაშა, საიდანაც 12 მოიგო და ერთადერთხელ დამარცხდა.

ესპანელი სპეციალისტი მანამდე 6 წლის განმავლობაში ბელგიის ნაკრებს ავარჯიშებდა, რომელსაც 2018 წლის მუნდიალზე ბრინჯაოს მედალი მოაგებინა. ეს შეიძლება ითქვას, რომ მისი კარიერის მთავარი მიღწევაა. კიდევ უფრო მანამდე მარტინესი ინგლისში მუშაობდა, „ევერტონის“ და „უიგანის“ თავკაცად, საკლუბო დონეზე ყველაზე დიდ წარმატებას კი, სწორედ „უიგან ატლეტიკში“ მიაღწია, რომელსაც 2013 წელს ასოციაციის თასი მოაგებინა. სამწვრთნელო კარიერა მარტინესმა უელსურ „სუონსი სიტიში“ დაიწყო.

რაც შეეხება საფეხბურთო კარიერას, რობერტო მარტინესი „სარაგოსას“, „უოგანის“, „მოზერველის“, „უოლსოლის“, „სუონსის“ და „ჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავდა - მოკლედ, არაფერი განსაკუთრებული.

პორტუგალიის ნაკრების ისტორია დიდ ტურნირებზე

პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეცხრედ ითამაშებს. დებიუტი 1984 წელს ჰქონდა, როცა შესანიშნავად ითამაშა და მესამე ადგილი დაიკავა. საუკეთესო შედეგი ცხადია ევრო 2016-ზე აჩვენა, როცა ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, ევრო 2004-ზე, ზუსტად 20 წლის წინ ფინალში ითამაშა. სამჯერ იყო ნახევარფინალში (1984, 2000 და 2012 წლებში), ორჯერაც მეოთხედფინალში (1996, 2008), ხოლო ყველაზე ცუდი შედეგი ბოლო ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა, როცა მერვედფინალში გავარდა ბელგიასთან მარცხით (0:1). ასე რომ, პორტუგალია ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში არასდროს ჩარჩენილა.

რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, პორტუგალიელთა საუკეთესო შედეგი მესამე ადგილია, რომელსაც 1966 წელს უწია. მას შემდეგ მაქსიმუმი მეოთხე ადგილი გამოდგა (2006 წელს). ბოლო მუნდიალზე მეოთხედფინალში დამარცხდა, სხვა შემთხვევებში კი, მერვედფინალში ვარდებოდა (2010, 2018), ან ჯგუფში რჩებოდა (1986, 2002, 2014).

ევროპის ჩემპიონატზე სულ 39 მატჩი: 19 მოგება, 10 ფრე, 10 წაგება, 56 გატანილი და 38 გაშვებული გოლი.

ყველაზე მეტი მატჩი პორტუგალიელ ფეხბურთელებში ევროპის ჩემპიონატზე:

25 - კრიშტიანუ რონალდუ

19 - პეპე, ჟოაო მოუტინიო

ყველაზე მეტი გოლი ევროპის ჩემპიონატზე:

14 - კრიშტიანუ რონალდუ

6 - ნუნუ გომეში

3 - სერჟიო კონსეისაო, ნანი, ელდერ პოშტიგა

საქართველოს ურთიერთშეხვედრები პორტუგალიასთან (1 მატჩი, 1 წაგება)

საქართველოს ნაკრები პორტუგალიას აქამდე ერთადერთხელ შეხვედრია. ეს მოხდა 2008 წლის 31 მაისს, ამხანაგურ შეხვედრაში და მაშინ პორტუგალიამ 2:0 გაიმარჯვა ჟოაო მოუტინიოს და სიმაოს მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლებით.

პორტუგალიელთა რიგებში იმ დღეს ითამაშეს პეპმ და რონალდუმ, რომლებიც დღესაც არიან ნაკრებში, ხოლო საქართველოს ნაკრების კარს გიორგი ლორია იცავდა. მოედანზე ასევე იყვნენ დღეს უკვე, ვილი სანიოლის ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი, სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და გენერალური დირექტორი დავით მუჯირი.

პორტუგალიის ნაკრების პოტენციური ძირითად შემადგენლობა:

(4-3-3): დიოგო კოშტა; დალო, პეპე, რუბენ დიაში, კანსელუ; ბერნარდო სილვა, პალინია, ბრუნო ფერნანდეში; დიოგო ჟორა, რონალდუ, ლეაუ.

პორტუგალიის ნაკრების განაცხადი ევრო 2024-ზე

მეკარეები: დიოგო კოშტა (პორტუ), ჟოზე სა (ვულვზი), რუი პატრისიუ (რომა)

მცველები: ანტონიო სილვა (ბენფიკა), დანილო პერეირა (პსჟ), დიოგო დალო (მანჩესტერი), გონსალო ინასიო (სპორტინგი), ჟოაო კანსელო (ბარსელონა), ნელსონ სემედუ (ვულვზი), ნუნუ მენდეში (პსჟ), პეპე (პორტუ), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი)

ნახევარმცველები: ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი), ჟოაო ნევეში (ბენფიკა), ჟოაო პალინია (ფულემი), ოტავიო მონტეირო (ალ-ნასრი), რუბენ ნევეში (ალ-ჰილალი), ვიტინია (პსჟ)

თავდამსხმელები: ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი), კრიშტიანუ რონალდუ (ალ-ნასრი), დიოგო ჟოტა (ლივერპული), ფრანსისკო კონსეისაო (პორტუ), გონსალო რამოში (პსჟ), ჟოაო ფელიქსი (ბარსელონა), პედრო ნეტო (ვულვზი), რაფაელ ლეაო (მილანი)

საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია კარგად იცნობს პორტუგალიელთა ტალანტს, რაფაელ ლეაუს. ორივე იტალიის ჩემპიონატში თამაშობს და მათ შორის პარალელებს ხშირად ავლენენ. ფეხბურთელებს შორის, ძალიან კარგი ურთიერთობაა, რაც „ნაპოლი“ – „მილანის“ მატჩებში არაერთხელ გამოჩნდა.

საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს 26 ივნისს, გელზენკირხენში შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.117718