ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 10 დღეზე ნაკლები დარჩა. კონტინენტის პირველობამდე ყოველთვის დიდი მოლოდინია, მაგრამ ახლა განსაკუთრებით, როცა ჩვენი ქვეყნის მთავარი საფეხბურთო ნაკრები იქ პირველად ითამაშებს.
საქართველო 24 ნაკრებიდან ერთადერთია, რომელიც გერმანიაში დებიუტანტის რანგში ითამაშებს.
ვილი სანიოლის გუნდს მეორე ტურის მატჩი ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ექნება, რომელსაც უფრო ახლოდან წარმოგიდგენთ:
როგორ გავიდა ჩეხეთი ევრო 2024-ზე
ჩეხეთის ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე 8 ტურში 15 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, მხოლოდ ბურთების ბალანსით ჩამორჩა ალბანეთის ნაკრებს.
ჩეხებმა 8-დან მხოლოდ 4 მატჩი მოიგეს, თუმცა ეს საკმარისი გამოდგა კვალიფიკაციისთვის. მათთვის ყველაზე ცუდი თამაში ალბანეთში იყო, რომელიც 0:3 წააგეს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვერ მოუგეს მოლდოვას, იმავე ალბანეთს (შინ) და მხოლოდ მატჩის მიწურულს გატანილი პენალტით სძლიეს შინ ფარერებს (1:0). თუმცა, მიუხედავად ამისა, მთლიანობაში ჩეხეთის ნაკრებმა მაინც დამაჯერებლად შეძლო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, რადგან უახლოეს მდევარ პოლონეთს 4 ქულით აჯობა.
ჩეხეთის ნაკრების მატჩები საკვალიფიკაციო ეტაპზე:
ჩეხეთი - პოლონეთი 3:1
მოლდოვა - ჩეხეთი 0:0
ფარერები - ჩეხეთი 0:3
ჩეხეთი - ალბანეთი 1:1
ალბანეთი - ჩეხეთი 3:0
ჩეხეთი - ფარერები 1:0
პოლონეთი - ჩეხეთი 1:1
ჩეხეთი - მოლდოვა 3:0
ჩეხეთის ნაკრები კარგ ფორმაშია, რადგან ბოლოს 12 ოქტომბერს, ალბანეთთან წააგო და მას შემდეგ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 4 მოგება, 1 ფრე.
ჩეხეთის ნაკრების კონტინგენტი
ჩეხეთის ნაკრებს ოქროს თაობა აღარ ჰყავს, რადგან პაველ ნედვედის, კარელ პობორჟსკის, მილან ბაროშს, ტომაშ როშიჩკის, პეტრ ჩეხის დონის ფეხბურთელები გუნდში ამჟამად ნამდვილად არ არიან, მაგრამ მათი გუნდური სულისკვეთება უცვლელია.
მთავარი ვარსკვლავი რასაკვირველია პატრიკ შიკია, რომელსაც 37 მატჩში 18 გოლი აქვს ეროვნულ ნაკრებში, მათ შორის 5 გოლი მან წინა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიტანა. შიკზე დიდწილადაა ჩეხეთის ნაკრების თამაში დამოკიდებული შემტევ ფაზაში. მისი მეწყვილე საინტერესო ფეხბურთელია, „ლევერკუზენიდან“ მისივე თანაგუნდელი ადამ ჰლოჟეკი.
ივან ჰაშეკის გუნდის თამაშის ღერძი ლონდონის „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველი და ნაკრების კაპიტანი, ტომაშ სოუჩეკია. ფლორენციის „ფიორენტინადან“ ანტონინ ბარაკიც მაღალი დონის ნახევარმცველია, ხოლო დაცვაში ვლადიმირ ცოუფალის და დავიდ ზიმა უნდა გამოვარჩიოთ.
ჩეხეთის ნაკრების ნახევარზე მეტი ბირთვი ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობს, უმეტესად „სპარტაში“, „სლავიასა“ და „პლზენში“, მაგრამ ეს მათ შემადგენლობას სულაც არ აკნინებს, რადგან ევროპა ლიგაზე ჩეხურმა გუნდებმა საკმაოდ კარგად ითამაშეს, პლეი-ოფში გააღწიეს და გამოცდილების ნაკლებობას ეს ფეხბურთელები ნამდვილად არ უჩივიან.
ყველაზე მეტი ფეხბურთელი „სლავიადან“ გამოიძახეს (8), ასევე არიან „პლზენის“ ოთხი, „სპარტას“ და „ლევერკუზენის“ სამ-სამი ფეხბურთელი.
მწვრთნელი - ივან ჰაშეკი
ივან ჰაშეკი ჩეხეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წლის 4 იანვარს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ჩეხებმა ჯერ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარეს და ორივე მოიგეს (ნორვეგიასა და სომხეთთან სპარინგები). ჰაშეკმა იაროსლავ შილჰავი შეცვალა, რომელიც ჩეხეთის ნაკრებს 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა და წინა ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალშიც გაიყვანა, რაც დიდი წარმატება იყო.
რაც შეეხება 60 წლის ჰაშეკის სამწვრთნელო კარიერას, ბევრგან აქვს ნამუშევარი, მათ შორის „სპარტაში“, „სტრასბურში“, „ვისელ კობეში“, „ალ ვასლში“, „სენტ ეტიენში“, „ალ-აჰლში“, „ალ-ჰილალში“, ლიბანის და გაბონის ნაკრებებში. სხვათა შორის ტიტულებიც აქვს მოგებული, რადგან სამჯერ „სპარტა“ ჩეხეთის ჩემპიონი გახადა, „ალ-აჰლიში“ ემირატების ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო 2009 წელს, ხოლო „ალ-ჰილალში“ 2012 წელს საუდის არაბეთის მეფის თასს დაეუფლა.
ჰაშეკს საკმაოდ კარგი საფეხბურთო კარიერაც ჰქონდა, ძირითადად პრაღის „სპარტაში“, მაგრამ ოთხი სეზონი ფრანგულ „სტრაბსურშიც“ ითამაშა. 1984-1993 წლებში ჩეხოსლოვაკეთის ნაკრებში მან 54 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, ხოლო კონკრეტულად ჩეხეთის ნაკრებში 1994 წელს ერთხელ ითამაშა.
გამოცდილი სპეციალისტი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მარტივ თამაშს სულაც არ ელოდება და მისი აზრით, ამ მატჩს ფავორიტი არ ეყოლება:
„გვყავს დამკვირვებლები ჩვენი თითოეული მეტოქისთვის. სწორედ დღეს ვაგვარებდით ვინ სად წავა პორტუგალიის, თურქეთის და საქართველოს დასაკვირვებლად. გვაქვს მათი რუკა და ანალიზი. საქართველო და თურქეთი ძალიან ძლიერი მეტოქეები არიან, ამ მატჩებს ფავორიტები არ ეყოლებათ. მათ ძლიერი კლუბებიდან ჰყავთ ფეხბურთელები. რაც შეეხება პორტუგალიას, მას მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მივიჩნევ“.
ჩეხეთის ნაკრების ისტორია დიდ ტურნირებზე
ჩეხეთის ნაკრებმა, როგორც დამოუკიდებელმა, ევროპის ჩემპიონატზე პირველად 1996 წელს ითამაშა და მას შემდეგ კონტინენტის პირველობას არასდროს დაჰკლებია. პირველივე ცდაზე დებიუტანტის რანგში ჩეხეთმა დღემდე საუკეთესო შედეგი აჩვენა, როცა ფინალში გავიდა და ოლივერ ბირჰოფის ავტოგოლით წააგო ფინალი გერმანიასთან.
მეორე საუკეთესო შედეგია ევრო 2024-ზე ნახევარფინალი, როდესაც საბერძნეთთან „ვერცხლის გოლის“ წესით განიცადა მარცხი. როგორც ვთქვით, 2021 წელს ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთი მეოთხედფინალამდე მივიდა, მერვედფინალში ნიდერლანდებს 2:0 სენსაციურად აჯობა და მერე დანიასთან 1:2 დამარცხდა. ასევე, მეოთხედფინალში იყო 2012 წელსაც, ხოლო ჯგუფში 2000, 2008 და 2016 წლებში ჩარჩა.
თუმცა, თუ ჩეხოსლოვაკეთის შედეგებს მივიღებთ მხედველობაში, სამჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და სამჯერვე სამეულში მოხვდა: მესამე ადგილი დაიკავა 1960 და 1980 წლებში, ხოლო 1976 წელს, სულაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩეხეთის ნაკრებმა (როგორც დამოუკიდებელმა) დღემდე ერთადერთხელ ითამაშა, 2006 წელს და მაშინ ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია. აი, ჩეხოსლოვაკეთს შესანიშნავი შედეგები ჰქონდა მუნდიალზე: ორჯერ გახდა ვიცე-ჩემპიონი (1934 და 1962 წლებში), ორჯერ მეოთხედფინალშიც ითამაშა (1938 და 1990 წლებში).
ევროპის ჩემპიონატზე სულ 37 მატჩი (შედის ჩეხეთის და ჩეხოსლოვაკეთის მატჩებიც): 15 მოგება, 7 ფრე, 15 წაგება, 48 გატანილი და 47 გაშვებული გოლი.
ყველაზე მეტი მატჩი ჩეხ ფეხბურთელებში ევროპის ჩემპიონატზე:
14 - პეტრ ჩეხი და კარელ პობორჟსკი
12 - პაველ ნედვედი
ყველაზე მეტი გოლი ევროპის ჩემპიონატზე:
5 - მილან ბაროში და პატრიკ შიკი
4 - ვლადიმირ შმიცერი
საქართველოს ურთიერთშეხვედრები ჩეხეთთან (არც ერთი მატჩი)
ჩეხეთის ნაკრებთან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აქამდე არასდროს უთამაშია. ასე რომ, მათი გზები ევრო 2024-ზე პირველად გადაიკვეთება. საინტერესოა, რომ საქართველო და ჩეხეთი ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფშიც ერთად არიან, ასე რომ, თუ ისინი 30 წლის განმავლობაში ერთხელაც ვერ შეხვდნენ ერთმანეთს, 2024 წელს სამჯერ შეხვდებიან. ცნობისთვის, ერთა ლიგის მატჩები 7 სექტემბერს, თბილისში) და 19 ნოემბერს, ჩეხეთშია დაგეგმილი.
ჩეხეთის ნაკრების პოტენციური ძირითად შემადგენლობა:
(3-4-1-2): შტანეკი; ზიმა, კრეიჩი, ჰოლეში; ციუფალი, სოუჩეკი, სადილეკი, იურაშეკი; ბარაკი; ჰლოჟეკი, შიკი.
ჩეხეთის ნაკრების განაცხადი ევრო 2024-ზე
მეკარეები: ვიტეშლავ იაროში (შტურმი), მატეი კოვარი (ლევერკუზენი), ინდრიხ შტანეკი (სლავია)
მცველები: ვლადიმირ ცოუფალი (ვესტ ჰემი), დავიდ დუდერა (სლავია), ტომაშ გოლეში (სლავია), რობინ ჰრანაცი (პლზენი), დავიდ იურაშეკი (ჰოფენჰაიმი), ლადისლავ კრეიჩი (სპარტა), მარტინ ვიტიკი (სპარტა), ტომაშ ვლჩეკი (სლავია), დავიდ ზიმა (სლავია).
ნახევარმცველები: ანტონინ ბარაკი (ფიორენტინა), ვაცლავ ჩერნი (ვოლფსბურგი), ლუკაშ ჩერვი (პლზენი), მატეი იურაშეკი (სლავია), ონდრეი ლინგრი (ფეიენოორდი), ლუკაშ პროვოდი (სლავია), მიხალ სადილეკი (ტვენტე), ტომაშ სოუჩეკი (ვესტ ჰემი), პაველ სულცი (პლზენი)
თავდამსხმელები: ადამ ჰლოზეკი (ლევერკუზენი), ტომაშ ჩორი (პლზენი), მოიმირ ჩიტილი (სლავია), იან კუჩტა (სპარტა), პატრიკ შიკი (ლევერკუზენი)
ჩეხეთის ნაკრების მეკარე ვიტეშლავ იაროში, რომელსაც სათადარიგოდ მოიაზრებენ, გრაცის "შტურმში" ოთარ კიტეიშვილის თანაგუნდელია. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის ნაკრებიც, როგორც საქართველო, ევროპის ჩემპიონატისთვის ავსტრიაში ემზადება, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით ორ სპარინგს ჩაატარებს - 7 ივნისს, მალტასთან და 10 ივნისს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ხოლო გერმანიაში ჩეხები 13 ივნისს ჩავლენ.
საქართველოს ნაკრები ჩეხეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, 22 ივნისს, ჰამბურგში შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.