ფეხბურთი

18:23 | 5.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთის ნაკრები ახლოდან: ვარსკვლავი, ტალანტები, ძლიერი შემადგენლობა და ამბიციები
გავეცნოთ საქართველოს ნაკრების მეტოქეს, თურქეთის ნაკრებს

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 10 დღეზე ნაკლები დარჩა. კონტინენტის პირველობამდე ყოველთვის დიდი მოლოდინია, მაგრამ ახლა განსაკუთრებით, როცა ჩვენი ქვეყნის მთავარი საფეხბურთო ნაკრები იქ პირველად ითამაშებს.

საქართველო 24 ნაკრებიდან ერთადერთია, რომელიც გერმანიაში დებიუტანტის რანგში ითამაშებს.

ვილი სანიოლის გუნდს დებიუტი თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ექნება, რომელსაც უფრო ახლოდან წარმოგიდგენთ:

როგორ გავიდა თურქეთი ევრო 2024-ზე

თურქეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ძალიან კარგად ჩაატარა, რომელიც ჯერ შტეფან კუნცის ხელმძღვანელობით დაიწყო და მერე ვინჩენცო მონტელას თავკაცობით დაასრულა.

ჯგუფში თურქეთმა ხორვატიასთან, უელსთან, სომხეთსა და ლატვიასთან ჭიდილში, 8 მატჩში 17 ქულით იპირველა. გამოსარჩევი იყო ზაგრებში, ხორვატიის ნაკრებთან გამარჯვება ბარიშ ილმაზის გოლით. სხვათა შორის, თურქეთს ერთა ლიგის C დივიზიონიდან პლეი-ოფში მონაწილეობის უფლებაც ჰქონდა მოპოვებული, თუმცა ვინაიდან საგზური საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოიპოვა, ცხადია პლეი-ოფში არ უთამაშია.

თურქეთის ნაკრების მატჩები საკვალიფიკაციო ეტაპზე:

სომხეთი - თურქეთი 1:2
თურქეთი - ხორვატია 0:2
ლატვია - თურქეთი 2:3
თურქეთი - უელსი 2:0
თურქეთი - სომხეთი 1:1
ხორვატია - თურქეთი 0:1
თურქეთი - ლატვია 4:0
უელსი - თურქეთი 1:1

ვინჩენცო მონტელას გუნდს ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რადგან ბოლოს 18 ნოემბერს, ბერლინში, გერმანია 3:2 დაამარცხა. მას შემდეგ ორჯერ ფრეს დასჯერდა (უელსსა და იტალიასთან), ორჯერ წააგო (უნგრეთსა 0:1 და ავსტრიასთან 1:6).

თურქეთის ნაკრების კონტინგენტი

თურქეთის ამჟამინდელ ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ჯენკ თოსუნია, რომელსაც 50 შეხვედრაში 20 გოლი აქვს გატანილი. მთავარი ვარსკვლავი კი, ორი აზრი არაა, რომ ჰაკან ჩალჰანოღლუა, რომელსაც „ჰამბურგში“, „ლევერკუზენსა“ და „მილანში“ უთამაშია, ბოლო სეზონებია კი, „ინტერის“ წარმატებების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მის გარეშე „ნერაძურის“ თამაში აბსოლუტურად სხვაგვარი და უფრო სუსტია. ბუნებრივია, რომ მთავარი საფრთხე მისგანაა მოსალოდნელი და მოედნის ცენტრში მისი შეზღუდვა ვილი სანიოლის გუნდის მთავარი ამოცანა უნდა იყოს. ჩალჰანოღლუს ნაკრებში ნახევარმცველისთვის შესანიშნავი სტატისტიკაც აქვს - 85 მატჩი, 18 გოლი.

თურქებს გამორჩეული ახალგაზრდებიც ჰყავთ. მარტო არდა გიულერი რად ღირს, მადრიდის „რეალის“ ამომავალი ვარსკვლავი. ასევე უნდა გამოვარჩიოთ 18 წლის ქენან ილდიზი, რომელიც ტურინის „იუვენტუსის“ მომავლის იმედია და ძალიან დიდ ავანსებს აძლევენ. სხვათა შორის, გიულერს და ილდიზს ნაკრებში იდენტური სტატისტიკა აქვთ: 6-6 მატჩი და თითო გოლი.

მონტელას განკარგულებაში სხვა კარგი ფეხბურთელებიც არიან: მერიჰ დემირალი, იუსუფ იაზიჯი, ორკუნ კოკჩუ, სალიჰ ოზჯანი, კერემ აკრტურკოღლუ. მოკლედ, თურქებს ბევრი კოზირი აქვთ და შემადგენლობის მხრივ ნამდვილად არაფერი დაეწუნებათ.

ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში თურქეთს ორი წამყვანი და გამოცდილი ცენტრალური მცველი დაუშავდა - ჩაღლარ სოიონჯუ და ოზან კაბაკი. ეს უდავოდ სერიოზული დანაკლისია მათთვის. ასევე, ტრავმის გამო ევრო 2024-ს გამოტოვებს ენეს იუნალი, თუმცა მცველებთან შედარებით მისი გამოკლება თურქებისთვის ნაკლებად სანერვიულოა.

მწვრთნელი - ვინჩენცო მონტელა

ვინჩენცო მონტელა თურქეთის ნაკრებში 2023 წლის 21 სექტემბერს დანიშნეს და მას შემდეგ 7 შეხვედრაში უხელმძღვანელა გუნდს, საიდანაც 3 მოიგეს, 2-ჯერ წააგეს და 2-ჯერ ფრეს დასჯერდნენ. აღსანიშნავია, რომ დასაწყისი იყო დიდებული - ზედიზედ სამი მოგება, მაგრამ ბოლო ოთხ მატჩში თურქებმა ვერ მოიგეს (2 ფრე, 2 წაგება).

მონტელა თურქეთის ნაკრებში შემთხვევით არ მოხვედრილა, ის კარგად იცნობდა თურქულ ფეხბურთს და იცნობდნენ მასაც. 2021-2023 წლებში, „ადანა დემირსპორის“ თავკაცი იყო და საკმაოდ კარგი შედეგებიც ჰქონდა. როდესაც მონტელას ევროპის ჩემპიონატზე გუნდის ამბიციებსა და მიზნებზე ჰკითხეს, შემდეგნაირად უპასუხა:

"ჩვენი ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდულია. ეს არის ზედიზედ მესამე ევროპის ჩემპიონატი, რომელზეც თურქეთი ითამაშებს, წინა ორში ჯგუფიდან ვერ გავიდა. მე მიჩვეული ვარ დიდ ოცნებებს, მაგრამ პატარა ნაბიჯების გადადგმასაც. ამიტომ, ჩვენი პირველი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა".

ვინჩენცომ რამდენიმე დღის წინ ევრო 2024-ის ჯგუფში მყოფ მეტოქეებზეც ისაუბრა და საქართველოსთან მატჩს უწოდა, ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულიც:

„ჯგუფში სამი მეტოქე გვყავს, რომლებიც სრულიად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ. რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, პირველი თამაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ალბათ, ყველაზე რთულიც იქნება, რადგან საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელმაც დაამტკიცა ერთიანობა თავის გავლილ გზაზე, მათ შორის პლეი-ოფის ფინალშიც. შესაბამისად, ჩემი მხრიდან მეტოქის მიმართ დიდი პატივისცემა იქნება. საქართველო ფიფას რეიტინგში ჩვენზე დაბლაა, მაგრამ თამაშებს ეს არ იგებს. ისევე, როგორც პორტუგალიასთან ჩვენ არ გვექნება არაფერი დასაკარგი, რომელიც ჩემი აზრით, დიდებული გუნდია და რეიტინგშიც ჩვენზე მაღლაა, მაგრამ ფეხბურთში არაფერია გამორიცხული. ჩეხეთმა ევრო 2024-ზე გასვლის შემდეგ მწვრთნელი შეიცვალა, ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით, ტაქტიკურად როგორ თამაშობენ, ფიფას რეიტინგში კი, მეტ-ნაკლებად ჩვენს დონეზე არიან. ასე რომ, ჩვენთვის სამი ფინალი იქნება და ამ მატჩებს სწორი სულისკვეთებით უნდა მივუდგეთ, როგორც ჩემი აქ მოღვაწეობის პირველ პერიოდში ხორვატიის და გერმანიის წინააღმდეგ. ფუნდამენტური იქნება გუნდში და ასევე ქვეყანაში ერთიანი კავშირის შექმნა. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ, გვინდა ჯგუფიდან გავიდეთ, პლეი-ოფში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

„აეროპლანინოს“ სამწვრთნელო კარიერაში „რომა“, „კატანია“, „ფიორენტინა“, „სამპდორია“, „მილანი“, „სევილია“ გაუწვრთნია. საფეხბურთო კარიერა ვინჩენცოს ძალიან წარმატებული ჰქონდა - „ემპოლიში“, „ჯენოაში“, „სამპდორიაში“, „რომაში“, „ფულჰემში“ ითამაშა, იტალიის ნაკრების მაისურით კი, 20 თამაშში 3 გოლი გაიტანა. ევროპის ჩემპიონატზე 2000 წელს ის ვერცხლის მედალს დაეუფლა.

თურქეთის ნაკრების ისტორია დიდ ტურნირებზე

თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ითამაშებს, მათ შორის, ზედიზედ მესამედ. მათი პირველი გამოჩენა ევროფორუმზე 1996 წლით თარიღდება, როცა ჯგუფში სამივე თამაში წააგეს, გოლიც ვერ გაიტანეს და ტურნირი უსახელოდ დატოვეს. უფრო წარმატებული იყო თურქეთის ნაკრებისთვის ევრო 2000, როდესაც ჯგუფიდან გავიდა, თუმცა მეოთხედფინალში პორტუგალიასთან წააგო.

ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ნაკრების საუკეთესო შედეგი ნახევარფინალია. 2008 წელს, თურქებმა ჯგუფიდან გასვლა მოახერხეს, მეოთხედფინალში პენალტების სერიაში ხორვატიას აჯობეს და მხოლოდ ნახევარფინალი დათმეს გერმანიასთან დაძაბულ ბრძოლაში 2:3.

ბოლო ორი ევროპირველობა თურქეთისთვის წარუმატებელი გამოდგა, რადგან 2016 და 2020 წლის ევროებზე გუნდი ჯგუფში ჩარჩა, ჯამში 6 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.

აქვე მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგებიც შეგვიძლია ვახსენოთ, სადაც თურქეთმა სულ ორჯერ ითამაშა. პირველად 1954 წელს და 1 მატჩის მოგებაც შეძლო, ხოლო მეორედ და ჯერჯერობით უკანასკნელად თურქეთის ნაკრები მუნდიალზე 2002 წელს იყო, სადაც ტრიუმფი მოახერხა - მესამე ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე! ეს თურქეთის ნაკრების ყველაზე დიდი წარმატებაა.

ევროპის ჩემპიონატზე სულ 18 მატჩი: 4 მოგება, 2 ფრე, 12 წაგება, 14 გატანილი და 30 გაშვებული გოლი.

ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩი თურქი ფეხბურთელებიდან:

9 - რუშთუ რექბერი

8 - ჰაკან ბალთა

7 - ჰაკან შუკური, ალფაი ოზალანი, ოღუნ ტემიზკანოღლუ, არიფ ერდემი, მეჰმეტ ტოპალი

ყველაზე მეტი გოლი:

3 - სემიჰ შენთურქი

2 - ნიჰათ კაჰვეჯი, არდა თურანი, ჰაკან შუკური

საქართველოს ურთიერთშეხვედრები თურქეთთან (1 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება)

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მეტოქეებიდან ყველაზე კარგად სწორედ თურქეთის ნაკრებს იცნობს, რომელსაც აქამდე 5-ჯერ შეხვდა. ბალანსი თურქების მხარესაა - 1 მოგება საქართველოს, 1 ფრე და 3 მარცხი.

საქართველო 2007 წლის 7 თებერვალს, ამხანაგურ მატჩში დავით სირაძის გოლით მოიგო. ფრე დაფიქსირდა 2004 წლის 4 სექტემბერს, ტრაბზონში (1:1), როდესაც 85-ე წუთზე მალხაზ ასათიანმა გაიტანა გოლი, ხოლო თურქეთმა 2002 წელს მოიგო 3:0 სპარინგში, 2005 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 5:2 და ბოლო დაპირისპირებაც 2012 წლის 24 მაისს მეტოქის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით - 3:1.

თურქეთის ნაკრების მცველი ჯენკ ოზკაჯარი და გიორგი მამარდაშვილი თანაგუნდელები არიან. სხვათა შორის, ევროპის ჩემპიონატზე „ვალენსიადან“ მათ გარდა, სხვა არავინ ითამაშებს.

თურქეთის ნაკრების პოტენციური ძირითადი შემადგენლობა:

(4-2-3-1): ჩაკირი; ჩელიკი, დემირალი, ოზკაჯარი, მიულდური, ოზჯანი, კოკჩუ; არდა გიულერი, ჩალჰანოღლუ, აკტურკოღლუ; ილდიზი

თურქეთის ნაკრების განაცხადი ევრო 2024-ზე (ჯერჯერობით, გაფართოებული)

მეკარეები: ალთაი ბაინდირი (მანჩესტერი), დოღან ალემდარი (ტრუა), მერთ გიუნოკი (ბეშიქთაში), უღურჯან ჩაქირი (ტრაბზონსპორი)

მცველები: მერთ მიულდიური (ფენერბაჰჩე), ზეკი ჩელიკი (რომა), აბდულკერიმ ბარდაკჯი (გალათასარაი), აჰმეტჯან კაპლანი (აიაქსი), მერიჰ დემირალი (ალ-აჰლი), სამეთ აკაიდინი (პანათინაიკოსი), ჯენკ ოზკაჯარი (ვალენსია), ფერდი კადიოღლუ (ფენერბაჰჩე)

ნახევარმცველები: ბერატ ოზდემირი (ტრაბზონსპორი), ჩან უზუნი (ნიურნბერგი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), ისმაილ იუკსეკი (ფენერბაჰჩე), კაან აიჰანი (გალათასარაი), ოკაი იოკოშლუ (ვესტ ბრომვიჩი), ორკუნ კოკჩუ (ბენფიკა), სალიჰ ოზჯანი (დორტმუნდი)

თავდამსხმელები: აბდუკლადირ ომური (ჰალი), ირფან ჯან კაჰვეჯი (ფენერბაჰჩე), იუნუს აკგუნი (ლესტერი), ქენან ილდიზი (იუვენტუსი), ქერემ აკტურკოღლუ (გალათასარაი), ოღუზ აიდინი (ალანიასპორი), არდა გიულერი (რეალი), ბარიშ ალფერ ილმაზი (გალათასარაი), ბერტუღ ილდირიმი (რენი), ჯენკ ტოსუნი (ბეშიქთაში), სემიჰ კილიჩსოი (ბეშიქთაში), იუსუფ იაზიჯი (ლილი)

სიაში ენეს იუნალი (ბორნმუთი), ოზან კაბაკი (ჰოფენჰაიმი) და ჩაღლარ სოიონჯუც (ფენერბაჰჩე) იყვნენ, მაგრამ ტრავმების გამო ისინი ევრო 2024-ზე ვერ ითამაშებენ და გუნდი უკვე დატოვეს.

საქართველოს ნაკრები თურქეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, 18 ივნისს, დორტმუნდში შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.117359